ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

ზრუნვის ღიმილაკი

ზრუნვის ღიმილაკი წლების წინ, ჩემი ყურადღება მიიპყრო რომელიღაც ამერიკული რეალითი შოუს ერთ-ერთმა სერიამ, სადაც ახლად გაცნობილი წყვილები ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ მსოფლმხედველობას და ღირებულებებს. მსგავსი შოუები ალბათ ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ ეს შემთხვევითი ფრაგმენტი სამუდამოდ დამამახსოვრდა - ახალგაზრდები ერთმანეთს უყვებოდნენ, თუ რა მეთოდებით ისურვებდნენ მომავალი შვილების აღზრდას. ქალბატონმა თქვა, ბავშვებს არ ავცრი, ჩემი აზრით ბუნების კანონზომიერებაში ადამიანი არ უნდა ჩაერიოსო. მამაკაცმა უპასუხა, რომ არ სურდა მომავალი შვილების საფრთხის ქვეშ დაყენება და ანტივაქსერს ცოლად ვერ მოიყვანდა. ქალმაც არ გადათქვა და დაშორდნენ... იმ დროს ქართულ რეალობაში ქართველი ახალგაზრდა წყვილები ბებიების ახალგაზრდობას ან ბაბუების მატერიალურ შესაძლებლობებს არკვევდნენ, ამიტომ კარგად ვერ გავიგე რა ხდებოდა... მაშინ არც ვიცოდით, ანტივაქსერობა რა ხილი იყო, საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაცია ხომ მიღებული პრაქტიკა იყო ჩვენს საზოგადოებაში...ბოლო დროს, როდესაც ანტივაქსერობა ნაციონალურ ჰობად იქცა, ხშირად ვიხსენებ ამ ეპიზოდს და ისიც მახსენდება, სულ ახლო წარსულში, იგივე ხალხი როგორ უტევდა იმ რელიგიურ ჯგუფს, რომლის რწმენის მიხედვით მიუღებელია ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა ადამიანის ორგანიზმში.... ანტივაქსერობა - კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც ჯგუფებად დაგვყო და ერთმანეთს გადაგვკიდა. იმედი ვიქონიოთ, იმ შოუს მსგავსად წყვილების დაშორებაზე არ მიდგება საქმე...მიმდინარე პანდემია იწვევს უამრავ ლეგიტიმურ კითხვას და ეჭვს: ნამდვილად ბუნებრივია თუ არა ვირუსი? რატომ აღმოჩნდა მისი მართვა ასეთი რთული თანამედროვე მედიცინისთვის? ათწლეულობით დამკვიდრებული ვაქცინებისგან განსხვავებით, რომელთაც თამამად ვანდობთ საკუთარ შვილებს, ფორს მაჟორში შექმნილი ვაქცინები რამდენად არის ან უსაფრთხო, ან ეფექტური? რამდენად მოგვწონს საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ეროვნული მთავრობების პანდემიის მართვის მენეჯმენტი? აქვს თუ არა ადამიანს უფლება საკუთარი პასუხისმგებლობით თავად გადაწყვიტოს საკუთარი ჯანმრთელობის ბედი თუ ვალდებულია დათმოს პრინციპები საზოგადოებრივი სიკეთეებისთვის? დიახ, ჩვენ ყველას გვაქვს შეკითხვები და გვტანჯავს ეჭვები თუ ადამიანური შიშები... და ეს ჯანსაღი პროცესია. თუმცა, რაც დღეს საქართველოში ხდება, ალბათ შორს არის რაციონალური დისკუსიისგან და ისტერიას უფრო წააგავს...რა უწყობს ხელს ანტივაქსერულ ისტერიას საქართველოში? დეზინფორმაციული შტურმის (რომლის უკან მავანთა პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესები იკვეთება) გავლენა რომ დიდია ამ საკითხზე, მგონი ყველანი ვთანხმდებით. კიდევ რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ადამიანებს, რომელთაც ყველა სავალდებულო აცრა აქვთ ჩატარებული, მებრძოლ ანტივაქსერებად ყოფნა ხიბლავთ და სჯერათ მითიური რეალობების? - პანდემიები აქამდე მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებსა თუ ფილმებში გვხვდებოდა. ყველამ ვიცით, შავმა ჭირმა როგორ გაწყვიტა ქალაქები შუა საუკუნეებში თუ სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ ე. წ. „ისპანკამ“ როგორ შეიწირა მილიონობით ადამიანი სიცოცხლე... ვიცით, მაგრამ ეს ცოდნა ჩვენი ადამიანური ემოციების მიღმა რჩებოდა ყოველთვის. მედიცინისა თუ მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებით გათამამებულებს ვერ წარმოგვედგინა იმ ყოფის რეალურობა, რომელშიც მერამდენე თვეა ვცხოვრობთ... და ამ კონტექსტში მარტივია გახდე მოწყვლადი მანიპულატორთა ისტორიების თუ ისტერიების მიმართ...

***

კოვიდ პანდემიის საერთაშორისო ანტივაქსერული მითების ძირითადი საფუძველი ტექნოლოგიების შიში და ტექნოლოგიებით დაშინებაა. ადამიანური ბუნების ეს სისუსტე არ ახალია და მუდმივი - ოდესღაც ელექტროენერგია თუ რადიო მიმღები ისევე ზაფრავდა საზოგადოებებს, როგორც დღეს კოვიდ ვაქცინა... საერთაშორისო მითებზე სხვებმა იმსჯელონ, ჩვენ კი ლოკალურ, ეროვნულ ანტივაქსერულ მითებს მივხედოთ, რომლებიც სავარაუდოდ ქართველმა სახალხო მთქმელებმა შექმნეს...ანტივაქსერულ ფანტაზიებში განსაკუთრებულ სტატუსს მივანიჭებდი მითს „ჯვარცმა“, სადაც „ჯ“ შპრიცის ვიზუალური გამოსახვაა, ხოლო დარჩენილი ასოების უკუღმა წაკითხვით ვიღებთ - „ამცრავ“. ყველა გვერდს თუ ინდივიდუალურ ექაუნთს, სადაც ინფორმაცია ვრცელდება, ახლავს სლოგანიც: „იფიქრე, იაზროვნე“. რატომ ვანიჭებ ამ მითს უპირობო პირველ ადგილს? - ლაღი ფანტაზია, ქართული ლიტერატურის მხატვრულ მეთოდებთან ზიარების სურვილი (პალინდრომი...), ანბანის გრაფიკულ-ფილოსოფიური გააზრება, კრიტიკული აზროვნების სურვილი... ერთი პატარა დეტალი - „ამცრავ“ გრამატიკული შეცდომაა... ქართულ ენაში ზმნა რთული ფენომენია, ხანდახან მთელ კრეატივს წყალში რომ ჩაგიყრის...მეორე ადგილს ეთნოცენტრული მითების ჯგუფს ვანიჭებ: საშიშ ვირუსებს თბილისში ვქმნით და შემდეგ ვავრცელებთ (ეს მითი მეზობელ ქვეყანაში შექმნეს, მაგრამ სწრაფად ავიტაცეთ და ვარიაციების შექმნა დავიწყეთ); ვაქცინა იმიტომ გამოიგონეს მავანთ, რომ ქართული დნმ შეცვალონ თუ ჩვენი გენეტიკური მასალა მოიპარონ... რატომ ვანიჭებ ამ მითებს მეორე ადგილს? - დიდი ეროვნული ამბიცია, გამორჩეული გენეტიკის რწმენა... ერთი პატარა დეტალი - გენეტიკაზე ნაცისტური ფილოსოფიური მსჯელობები მიუღებელი და აკრძალულიც კი არის ცივილიზებულ სამყაროში, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული კი (ვირუსის შექმნა-გავრცელება) მკაცრად ისჯება... კიდევ კარგი, არავის სჯერა ჩვენი სახალხო მთქმელების ეთნოცენტრული ამბიციების...მესამე ადგილს იმ პოსტებს (და არა მითებს) ვანიჭებ, სადაც ვაქცინაციის „პროპაგანდისთვის“ (რა გაუგებარ სიტყვად იქცა ეს „პროპაგანდა“ პროპაგანდის იმპერიაში დაბადებული ადამიანებისთვის) საუკუნო წყევლას გვპირდებიან ქართველი „სასოწარკვეთილი დიასახლისები“, პოსტებს კი მრავალრიცხოვანი „ამინები“ მოყვება... არ ვიცი, რამდენად არის ეს ქმედება ქართული გამოგონება, მაგრამ გამოხატვის ფორმები კი აშკარად ქართულია. რატომ ვანიჭებ ამ ტიპის პოსტებს მესამე ადგილს? - ქართველი მანდილოსნები (ვიღაცის თბილი დედა და ტკბილი ბებია) მზად არიან სხვების გადასარჩენად სული დაიმძიმონ წყევლა-კრულვის ცოდვით... ერთი პატარა დეტალი - თანამედროვე სამყაროში სხვათა დასარწმუნებლად მეტი კრეატივია საჭირო...რომელია თქვენი ფავორიტი ანტივაქსერული არგუმენტი, ქმედება თუ ეროვნული მითი?

***

კოვიდ ისტერია მხოლოდ მამათა და შვილთა ბრძოლა არ არის, თუმცა დიდწილად ასაკობრივ ჯგუფებად ყოფს და აპირისპირებს საზოგადოებას... ეს პრობლემა არ ახალია ჩვენს საზოგადოებაშიც - ჯერ კიდევ 120 წლის წინ „შვილები“ წუხდნენ, რომ „ნემეცებმა“ ვაქცინით დაამარცხეს ყვავილი და ქართული საზოგადოება (და ზოგადად, რუსეთის იმპერიის ხელისუფლება) ვერ იაზრებდა მედიცინის მიღწევების მნიშვნელობას... უცებ წარმოვიდგინე, ლუარსაბ თათქარიძეს ან თუნდაც გრიგოლ ორბელიანს როგორ აძალებს ვინმე ყვავილის ვაქცინას და გულწრფელად გამეცინა...სოც-მედიას არც ისე დიდი ხანია დაემატა ზრუნვის ღიმილაკი („care“). მე პირადად გამიჭირდა ჩახუტების სიმბოლოსთან მეგობრობა - ზედმეტად პირადულად მიმაჩნია, დადებითი ემოციის გამოსახატად ისევ გულის ღიმილაკს ვიყენებ... სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მხოლოდ მე არ ვყოფილვარ ასე - თურმე ზრუნვის სიმბოლოს ძირითადად XX ს-ის მიწურულს და XI ს-ში დაბადებულები იყენებენ - ალბათ მათ უკეთ გამოსდით სხვაზე ზრუნვა და საზოგადოებრივ სიკეთეებზე დარდი...ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ შვილებს იმისთვის, რომ ხშირად თქვენგან მალულად ეწერებიან ვაქცინის მისაღებად - ფაქტი სახეზეა, ასეულ ათასობით ვაქცინა პირველივე დღეს იჯავშნება და ადამიანები საკუთარი საცხოვრებლიდან დაშორებულ ადგილებში მიეშურებიან კუთვნილი დოზის მისაღებად (შიდა ტურიზმის პანდემიური ვარიაცია...). ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ შვილებს იმისთვის, რომ თქვენს ანტივაქსერობას არ იზიარებენ - მათ ისეთები უყვარხართ, როგორიც ხართ და თქვენგანაც იგივეს მოელიან...სულ რამდენიმე დღეში მეც შევუერთდები ორჯერადად ვაქცინირებულთა არმიას და მჯერა, რომ ჩემი არჩევანით ერთ ადამიანს მაინც გადავარჩენ...პანდემია დასრულდება (მჯერა, რომ მალე) და ყველანი ერთად ბევრს ვიცინებთ დღევანდელ ვნებათაღელვაზე...