ღარიბაშვილი და შმიგალი უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად, საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ბაზაზე დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.

ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი უცხოური კონტიგენტის ხელმძღვანელობას გაესაუბრნენ, რომელთა შორის მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე გაეცნენ საიმიტაციო მოდელირების ცენტრის მუშაობას, დაათვალიერეს სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება, მათ შორის უკრაინაში წარმოებული იარაღი და სასწავლო ბაზაზე საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ.

საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრი ყოველწლიურად არაერთ მსხვილ საერთაშორისო სწავლებას მასპინძლობს, რომელშიც ნატოს წევრი და მოკავშირე სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად, ქართველი ჯარისკაცებიც მონაწილეობენ.