თუ საქართველოს სურს ნორმალურად იცხოვროს რუსეთთან, როგორც მეზობელთან, მაშინ მოსკოვი მზად არის აღადგინოს ურთიერთობები. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"თუ საქართველოს ნამდვილად არ სურს ითამაშოს რუსული კარტი დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად, არამედ სურს ჩვენთან ერთად, როგორც მეზობლებთან, ნორმალური ცხოვრება, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ", - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის სხდომა და მაშინ განვითარებული მოვლენები.
"გვქონდა განზრახვა, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, როცა მათ უვიზო რეჟიმი შემოიღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. თავდაპირველად მაინც ვაკვირდებოდით, რა ხდებოდა და, რა თქმა უნდა, არავის ვუკრძალავთ საქართველოში ჩასვლას. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მზადაც კი ვიყავით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოსაღებად, მაგრამ მოხდა არასასიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინაღმდეგ თბილისში საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის სხდომაზე", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
სეგახსენებთ, რომ 2019 წელს რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა მართლმადიდებლური ასამბლეის სხდომა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ ინციდენტის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო არ არის. რუსეთმა საქართელოსთან პირდაპირი ფრენებიც გააუქმა, რომელიც ამ დრომდე არ აღდგენილა.