ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს. ამის შესახებ სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
მერობის კანდიდატის თქმით, მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში პარტიისთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ამ დრომდე პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, შექმნილ მდგომარეობაში თავს ვალდებულად მიიჩნევენ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა დადგნენ და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ.
„საქართველოს ევროპული არჩევანი არამხოლოდ ჩვენი თაობის, არამედ საქართველოს ისტორიულად განსაზღვრული არჩევანია! და მეტიც - ეს არ არის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი - ეს ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია!
ჩვენ არ მივილტვით ევროპისაკენ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ სიმდიდრეა, განვითარებული ეკონომიკაა, ყველაზე სრულყოფილი განათლება და ჯანდაცვის სისტემაა, არც მხოლოდ იმიტომ მივილტვით, რომ ახალგაზრდებს დასავლეთში ყველაზე მეტი პერსპექტივა აქვთ თავის ნიჭისა და უნარების გამოსავლენად და არც მხოლოდ იმიტომ, რომ ხნიერი ადამიანები ყველაზე უკეთ არიან იქ დაცულები!
საქმე იმაშია, რომ ჩვენ თავად ვიყავით და ვართ დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და სვლა ევროპისაკენ ჩვენთვის სახლში დაბრუნებაა! ჩვენი კულტურა, ჩვენი ხელოვნება, ჩვენი მწერლობა - ევროპული მრავალფეროვნების ერთ-ერთი განუყოფელი და უნიკალური ფერია", - განაცხადა ნიკა მელიამ.