ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე
„ბედნიერების დევნა“
შემოაბიჯა შემოდგომამ, ყოველთვის ოდნავ სევდიანმა, მაგრამ ყველაზე ლამაზმა ფერადმა შემოდგომამ. წელს ბუნების ლირიული სევდა გადაფარა ნამდვილმა სევდამ, პანდემიის სევდამ... პანდემია განსხვავებულ რეაქციებს იწვევს ადამიანებში - ზოგიერთი თავს იტყუებს, რომ პანდემია არ არსებობს... ზოგიერთი ცდილობს, იპოვოს დამნაშავე რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროში...
ზოგიერთს კი უბრალოდ ძალიან ეშინია იმის, რასაც გარშემო ხედავს... როდესაც დეპრესია გვიტევს, მარტივი ფსიქოლოგიური სავარჯიშოა საკუთარი მომავლის წარმოდგენა ხუთი, ათი, ოცი წლის შემდეგ. მოდით, ვიოცნებოთ საკუთარ მომავალზე. როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი ათწლეულების შემდეგ? სად და ვისთან ერთად? მე მოგიყვებით, როგორი ვიქნები ჭაღარა, ჩუსტებიანი ბებო, ან იქნებ ჭაღარა თინეიჯერი ბებო, რომელიც შვილიშვილებთან ერთად მიიპარება ახალგაზრდულ ივენთებზე თუ ჭიქა კოკტეილის დასაგემოვნებლად...
ხშირად გვსმენია, რომ მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნამდვილი ცხოვრება პენსიაში გასვლის შემდეგ იწყება - დრო, როდესაც შეგიძლია აიხდინო ყველა ის სურვილი, რისთვისაც ვერასდროს მოიცალე... დაკავდე ჰობით, რომლისთვისაც დრო ვერასდროს გაიმეტე... იმოგზაურო უცხო ქვეყნებში ახალი კულტურებების გასაცნობად... ჩვენ რა გვიშლის ხელს, ვიოცნებოთ ცხოვრების შემოდგომაზე? ალბათ მეტყვით, ღატაკი ქვეყნის ღატაკი შვილები ვართო. დიახ, ასეა, მაგრამ ისიც ყველამ ვიცით, რომ მიზანდასახულ ადამიანებს ოცნება ყოველთვის უხდებათ, იმიტომ რომ ისინი ოცნებებში კი არ ცხოვრობენ, ოცნებების ასრულებისთვის ცხოვრობენ...
ჩემი ბედნიერი შემოდგომა ამ ქვეყანას და ამ ქალაქს უკავშირდება - ჩემი „შინ“ უპირველეს ყოვლისა ჩემი დედაქალაქია - ყოველთვის მენატრება თუ სადმე მიწევს გამგზავრება, ყოველთვის მესიზმრება ბავშვობის სახლი ძველ თბილისში, სადაც ფანჯრიდან ნარიყალა და ჭრელა-ჭრულა სახლების სახურავები მოჩანდა... თქვენც ყველას გაქვთ ალბათ თქვენი „შინ“, სადაც ადგილის დედა მუდამ გელოდებათ, სადაც თავი ისევ იმ მორბენალ გოგონად თუ ბიჭუნად წარმოგიდგენიათ... 21-ე საუკუნეში თბილისმა დაიწყო თავისი ტრანსფორმაცია - შეიძინა ცათამბჯენები და მეგაპოლისისთვის დამახასიათებელი სხვა სამკაულები. ბევრს არ მოსწონს, ბევრი ბრაზობს - თავისი ახალგაზრდობის ქალაქი ენატრება. მე მომწონს მეგაპოლისური თბილისი - ალბათ იმიტომ, რომ ცვლილებები და დრაივი მიყვარს...
ჭაღარა ბებო (პირადად ჩემთვის, არც ისე შორეული მომავალი) აუცილებლად ვიქნები ჩემს ქალაქში - ვიბოდიალებ მის მიხვეულ-მოხვეულ ძველ ქუჩებში... ვესტუმრები ახალ ქუჩებს, სადაც ცათამბჯენების ოფისებში ჩემზე უფრო ჭკვიანი ახალგაზრდები ჩემთვის გაუგებარ ტექნოლოგიურ სასწაულებზე ისაუბრებენ... შევიჭყიტები უნივერსიტეტებსა და სკოლებში, სადაც სტუდენტები ველოსიპედებით ივლიან და ბავშვები დიდებს გვასწავლიან ჩვენთვის უცხო ახალ უნარებს... ვიამაყებ ქალაქით, სადაც ჰუმანიზმი ჩვენი ყოველდღიური აზროვნების წესი იქნება, ეკოლოგია და ცხოვრების ჯანსაღი წესი კი პრიორიტეტი... საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყველას გვიყვარს სტუმრობა - თუ საყვარელი ადამიანების მოსანახულებლად და თუ ბუნების საოცარი პეიზაჟებისთვის... ყველას გაქვთ ალბათ მეხსიერებაში ის ადგილები, სადაც დაუფიქრებლად წახვიდოდით კიდევ ერთხელ დღესვე, სადაც ასევე „შინ“ გრძნობთ თავს, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ დაბადებულხართ...
ჩემთვის კიდევ ერთი „შინ“ ზღვის სანაპიროა, ქაფიანი ტალღებით და ურიცხვი მოგონებებით... ჭაღარა ჩუსტებიანი არა და ჭაღარა ბებო სპორტული ფეხსაცმლით აუცილებლად ჩამოვივლი ყველა იმ სახლს თუ ქუჩას, რომელიც მეხსიერებამ შემოინახა და დავტკბები მათი ახალი, მშვენიერი სიცოცხლით, ახალგაზრდების ჟივილ-ხივილით, რომლებმაც ჯერ არ იციან, ის დღე და ის ადგილი მათ მეხსიერებაში დიდხანს რომ დარჩება...
ჩემი ჰობი აუცილებლად გახდება ფოტო-ვიდეო დოკუმენტალისტიკა, პაწია ამბები სამშობლოზე, მის კუთხე-კუნჭულზე - წარსულით, აწმყოთი და მომავლის იმედებით შეზავებული პაწია ამბები... აი, ასეთია, ჩემი ბედნიერი შემოდგომის ვიზუალიზაცია. როგორ სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს ამბებს, შემოვიჭყიტებოდი თქვენი ბაბლის სარკმელებში თქვენი ოცნებების დასანახად... დიახ, პანდემია განსხვავებულ რეაქციებს იწვევს ადამიანებში - თავის მოტყუება, დამნაშავის ძიება თუ უიმედობის განცდა... არადა, ბედნიერი შემოდგომა აუცილებლად დადგება, თუ მისი გვჯერა, თუ მისთვის ვიბრძოლებთ დღეს... ბრძოლა ყველას სხვადასხვა მინდორზე გვაქვს მოსაგები - ვინ საკუთარი ჯანმრთელობისთვის უნდა იბრძოლოს, ვინ საკუთარი იდეებისთვის...დღეს ბევრი ბრძოლა გვაქვს და ყველანი ჯარისკაცები ვართ...
***
ტოტალიტარულ და დემოკრატიულ საზოგადოებებს შორის მთავარი სხვაობა არც მხოლოდ ფინანსური შესაძლებლობებია და არც მხოლოდ სიტყვის თავისუფლება. ტოტალიტარულ საზოგადოებაში გაზრდილ მოქალაქეს არ აქვს საკუთარი თავის იმედი, არ აქვს საკუთარი ოცნებებისთვის ბრძოლის ჟინი და არც ოცნება აქვს ხშირად საკუთარი... რა შეიძლება ქნას რიგითმა, უბრალო მოქალაქემ, თუ მისი სურვილი არავის ადარდებს და მის ძალისხმევას შედეგი არ მოაქვს? „გლეხი კაცისთვის არავინ არ არის“ - უიმედობის ვერბალური ვიზუალიზაცია. არავინ არასდროს არ იქნება არც გლეხისთვის, არც ფერმერისთვის, არც მასწავლებლისთვის, არც საჯარო მოხელისთვის, არც დიასახლისისთვის...
არავინ არასდროს არ იქნება ჩვენთვის საკუთარი თავის გარდა. მე როგორ მესმის საკუთარი თავის იმედზე ყოფნა? მომავლის ოცნებების ვიზუალიზაცია და იმ გადაწყვეტილებების პროტესტი, რომელიც ამ მომავალს არ წაადგება... ადამიანები, რომლებიც ჩვენს გარშემო გადაწყვეტილებებს იღებენ დღეს ჩვენს მაგივრად, ჩვენს მომავალში არ იარსებებენ, მაგრამ იარსებებს მათი გადაწყვეტილებების შედეგი ჩვენს მომავალში... „ქარის დევნა“, „წყლის ნაყვა“ - რამდენი უიმედო ფრაზა გვიტივტივებს თავში. ბედნიერების დევნა არ არის ქარის დევნა, ჩვენი ოცნებების ახდენაა...
გინახავთ ოსკაროსანი ფილმი „ბედნიერების დევნა“? ძალიან მიყვარს, აუცილებლად ჩავუჯდები კიდევ ერთხელ ამ კვირა დღეს, რომ უკეთ შევძლო საკუთარი მიზნებისა და ოცნებების ვიზუალიზაცია... თქვენც გირჩევთ, შემომიერთდეთ ვირტუალურ კინოსეანსზე, დარწმუნებული ვარ, დაგეხმარებათ სხვა თვალით შეხედოთ დღეის გადაწყვეტილებებს ხვალის ბედნიერი შემოდგომისთვის...
***
ქართველებს თავი ყველაზე პატრიოტი გვგონია, მაგრამ ეს არ არის სიმართლე...
ქართველებს თავი ყველაზე ჭკვიანი გვგონია, მაგრამ სადღაც ყველაზე ბოლო ადგილზე მიუჩინეს ადგილი ჩვენს განათლებას საერთაშორისო ინდექსებში ტექსტის გააზრების მიხედვით...
სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, კანადელები ერთ-ერთი ის ერია, რომელიც ყველაზე მეტად ამაყობს საკუთარი სახელმწიფოთი...
დამეთანხმებით, რომ საამაყო ნამდვილად აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეებს... იმავე გამოკითხვების მიხედვით, კანადელები ყველაზე ნაკლებად აკისრებენ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ საამაყო სახელმწიფოს... იქ სადაც თავად დასდევენ თავის ბედნიერებას, მრავალთა ბედნიერება ქმნის ბედნიერ სახელმწიფოს - სახელმწიფო ხომ ადამიანების კრებულია, საკუთარ მომავალზე მოფიქრალი ადამიანების...
კარგი ხალხი ვართ ქართველები, „ჭკვიანი მაგრამ ზარმაცი“ - მოვისროლოთ ეს სიზარმაცე და ვისწავლოთ საკუთარი ბედნიერების დევნა...
ვისწავლოთ ვუთხრათ „არა“ იმათ, ვინც მომავლის ოცნებებში არ გამოგვადგება...