კახი კავსაძის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება

მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება და კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლინიკაში მიყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამ ეტაპზე სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია.

„კახი კავსაძე ჩვენთან გუშინ, დაახლოებით 14:00 სთ-ზე შემოიყვანეს. შემოყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდინფექცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება.

კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდ ინფექციამ და მისმა გართულებამ. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს. გემოდინამიკა უფრო სტაბილური გახდა. სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებთ, ღონისძიებები, რომელიც უკვე ჩატარდა და მომავალში ჩაუტარდება, პაციენტის გამოჯანმრთელებას გამოიწვევს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.