ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

ანი-ბანი - (ბან)ერი

ანი-ბანი... ანბანური ჭეშმარიტება... ანიდან ჰოემდე... ანიდან ჰაემდე გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ჯერ ანი-ბანი ეტაპზე ვართ - ანი დავძლიეთ (რეგულარულად ვატარებთ არჩევნებს) და ბანი ჯერ ისევ მოგუდულად ისმის...

ვისთვის რა არის არჩევანი და ვისთვის რა... მე ვაკეთებს არჩევანს და არ ვფიქრობ მის შედეგებზე, არ ვიღებ პასუხისმგებლობას... შენ აკეთებ არჩევანს იმის იმედით, რომ რომელიმე პარტიის კოორდინატორი დაგიფასებს ერთგულებას და გაგიწევს რეკომენდაციას სოციალური შეღავათებისთვის... ის აკეთებს არჩევანს იმ გათვლით, რომ მისი ბიძაშვილის მეზობლის მამიდა პარლამენტში მოხვდება და ტენდერში ჩასვამს თავის ძმის შვილს, მის მეზობელს და მეზობლის ბიძაშვილს... ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს მექანიკურად, იმიტომ რომ არ გვჯერა არჩევნებით შეცვლილი რეალობის... თქვენ აკეთებთ არჩევანს ვიღაცის სასარგებლოდ, რომელსაც შესაძლოა მომხიბვლელი იდეები აქვს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს როგორ განახორციელოს... ისინი აკეთებენ არჩევანს მათ სასარგებლოდ ან მათ საწინააღმდეგოდ და არასდროს დაფიქრებულან, რომ თავად უხდიან ხელფასს თავისივე რჩეულებს...

მარკესისეული საარჩევნო ციებ-ცხელების ვაკქანალია რომანიდან „მარტოობის ასი წელი“ ალბათ მხოლოდ მე არ მაგონებს საკუთარ სამშობლოს - ბევრი ფაცი-ფუცი, დაპირებების კორიანტელი, „პროფესიონალების“ ჭიდილი... ამ ყველაფერს სპექტაკლად ვერც შევრაცხავ, ალბათ უფრო კიჩი, რომლის მთავარი დეკორაცია ბანერია...

სრულიად გულწრფელად მიფიქრია მრავალგზის, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ვინმეს გიგანტურმა ბანერებმა დაფოტოშოფებული სახეებით? თუ გადაწყვეტილი მაქვს, რომ ამ ბანერზე გამოსახულ ადამიანს ვაძლევ ხმას, რაღაში მჭირდება ბანერი? თუ გადაწყვეტილი მაქვს, რომ ამ ბანერზე გამოსახულ ადამიანს არ ვაძლევ ხმას, რაღაში მჭირდება ბანერი? თუ არ მაქვს საკუთარი აზრი და უბნის ძველი ბიჭის ან ქალბატონი კოორდინატორის იმედზე ვარ რაღაში მჭირდება ბანერი? თუ საერთოდ ვერ ვერკვევი რა ხდება ჩემს თავს და უბნის ავტორიტეტებსაც კი ხელი აქვთ ჩემზე ჩაქნეული, რაღაში მჭირდება ბანერი?

ყოველი არჩევნების დროს იცვლებოდა ბანერების ფორმა, ზომა და ბოლო წლებში, ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ბანერები ნამდვილ გიგანტებად იქცნენ... „ლამის სახლში შემოვიდეს... ლამის წელზე შემომხვიოს ხელი“ - ერთი ფანჯრიდან ვხედავ წლობით დაუსრულებელი კორპუსის ჩონჩხზე მთელ სიგრძეზე გაჭიმულ ლაპლაპა ბანერს, რომელიც თითქოს არღვევს ხილვადობის ჩვეულ პროპორციებს, თბილისური ჩამონგრეულ-წაფერდებული ძველი შენობებისა და ახალი შენობების ჩონჩხებს შორის ასეულობით მეტრის მანძილზე თავისი ზომითა და ფერებით იპყრობს ყურადღებას... საქართველოში ხომ ყველანი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ვართ გაწაფული, ასე რომ უნუგეშოდ ვცდილობ გამოვთვალო ბანერის ღირებულება, ამ ღირებულების წარმომავლობა, მისი შესაბამისობა მიმდებარე ტერიტორიის აღდგენითი სამუშაოების ღირებულებასთან... საქართველოში ხომ ყველანი ჰუმანიტარები და ესთეტები ვართ - დატკბი ფერებით და დაანებე ანგარიშს თავი... მეორე ფანჯარა მტკვარს გადაჰყურებს. წყლიდან ქალთევზასავით ამომართული ბანერების ტექნოლოგია ჯერ არ შემიმჩნევია საარჩევნო კამპანიების დროს და დავრჩი მტკვარს მიღმა აღმართული გიგანტური ბანერების იმედზე - კარგად ჩანს, მარტოობას არ ვუჩივი... ახალი ტექნოლოგიების ახალი გამოსავალი - გიგანტური ეკრანი, რომელიც ღამის სიბნელეში უცხოპლანეტელის ხომალდივით ანათებს და საწოლში ჩაწოლილიც შეგიძლია დატკბე ვიდეო-გამოსახულებით... ძილის წინ შესაძლოა ძილ-ბურანში კიდევ გაგიელვოს ფიქრებში აკვიატებულმა აზრმა ღირებულებების შესახებ, მაგრამ პირველივე სიზმარში გახსენდება, რომ ჰუმანიტარი ხარ და ანგარიში შენი ძლიერი მხარე სულაც არ არის...

***

ჩემს ქალაქში როდესაც რაიმე მოვლენა ემოციას იწვევს, ყოველთვის ვიხსენებ რა მინახავს საკუთარი თვალით სხვა ქვეყანებში. იმ ქვეყანაში, სადაც საარჩევნო ციებ-ცხელება ათეულ კი არა, ასეულ წლებს ითვლის, არ უყვართ პოლიტიკოსების პორტრეტების გამომზეურება ქუჩებსა თუ კაბინეტებში. ჩემს უფროს კოლეგას, რომელიც თავად იყო ჩართული საარჩევნო ციებ-ცხელებაში, თავისი პარტიის ლიდერის პაწია იუმორისტული მაგნიტური სტიკერი ჰქონდა მიკრული საკუთარ ოთახში...

იმ ქვეყანაში, სადაც სათაყვანებელი პოლიტიკური ბელადები ჰყავთ, უფრო საინტერესო აღმოჩნდა პროცესზე დაკვირვება. საერთაშორისო ღონისძიება, რომელზეც მიწვეული აღმოვჩნდი, დიდ დარბაზში გრანდიოზული გახსნით დაიწყო. დამსწრენი შეგვკრიბეს მთელი საათით ადრე, მიგვიჩინეს ადგილები რაღაც ლოგიკით და რიგებს შორის დაცვის წევრები ჩადგნენ ჯარისკაცებივით. ვისხედით აბსოლუტურ სიჩუმეში გაჯგიმულები და თავზე დაგვყურებდა მათი ბელადის დიდი ბანერი. იუთუბზე მსგავსი ვიდეოების ნახვის დროს, ყოველთვის მიჩნდებოდა კითხვა, როგორ ხერხდება მსგავს ქვეყნებში ადამიანების მასობრივი მართვა, ტოტალიტარული წესრიგის დაცვა - ყველამ იცის სად დაჯდეს, როგორ დაჯდეს, ემოცია თუ ტაში როგორ გამოხატოს... როგორც იქნა, დავიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა და გამოვცადე საკუთარ თავზე ეს მენეჯმენტი... ღონისძიება იყო მარტივი შინაარსის - სხვადასხვა რანგის ადამიანები გამოდიოდნენ სცენაზე და ვიღაცეებს აქებდნენ... ეს ყველაფერი ისეთი მოსაწყენი აღმოჩნდა, რომელიღაც საათზე მივხვდი, რომ ძალიან მიყვარდა მათი ბელადი - მომღიმარი, ოდნავ მოჭუტული თვალებით დიდი ბანერიდან... მთელს იმ გარემოში ის იყო ყველაზე თბილი და ნათელი წერტილი...

თუ არც ისეთ ახლობლად მიგაჩნია რომელიმე პოლიტიკოსი, რომ მისი იუმორისტული ფოტოები გესაყვარლებოდეს ფუმფულა დათუნიასავით და არც ისე გრთგუნავს ბელადის კულტის მიმდევრები, რომ თავად ბელადი უპირობოდ შეგიყვარდეს, მაშინ ბანერომანია უბრალოდ კიჩია და მარკესისეული ფანტასმაგორია...

***

ანი-ბანი - ბანზე ვართ ჯერ, ბანერებით გაძეძგილი ბანი-ერი... მესამე-მეოთხე ასოების დაწყვილება არც ისე კორექტულად ჟღერს და იმედია მალე გადავახტებით... და მას მერე კი კიდევ 28 ასო გვაქვს დალოცვილ ქართულ ანბანში ჰაემდე ჩასაღწევად... მანამდე კი ღიმილს იწვევს გიგანტური ბანერებით გაძეძგილი თბილისი... ჯერ-ჯერობით მხოლოდ ღიმილს - ჰუმანიტარული განათლების ხალხი ვართ და თვლა არ არის ჩვენი ძლიერი მხარე...

ხშირად, როდესაც ახალგაზრდები მეკითხებიან, რა განსხვავებაა რიგით ამომრჩევლებს შორის საქართველოსა და იმ ქვეყნებში, სადაც ანბანის ბოლოს კარგა ხანია გავიდნენ, მარტივი პასუხი მაქვს - ბევრი არაფერი, უბრალოდ იმ რიგითმა ამომრჩეველმა ჩვენზე უკეთ იცის დათვლა, თუნდაც კალკულატორით, თუნდაც თავის სასარგებლოდ... რიგითი ამომრჩეველი, რომელსაც არც სპეციალური განათლება აქვს პოლიტიკის მეცნიერებებში და არც სახელმწიფოს მართვის გამოცდილება, უბრალოდ მარტივად ითვლის რა დაუჯდება ესა თუ ის გართობა, რომელიც სულაც ვერ გაართობს, არც კი შეუკვეთავს და საკუთარი შემოსავლებით უნდა დააფინანსოს...

არ არის მათემატიკა ჩვენი ძლიერი მხარე...