ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

კოელიომ თქვა

ტრადიციულად, შემოდგომაზე ითვლიდნენ წიწილებს, იღებდენ მოსავალს, წურავდენ ღვინოს, ქმნიდნენ ოჯახებს და ემზადებოდნენ ზამთრის თვეების უზრუნველად გასატარებლად... ეს დრო კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა... შემოდგომაზე დავდივართ არჩევნებზე, ვითვლით ბიულეტენებს, ვქმნით ახალ რეალობას და ვემზადებით მომდევნო წლების უზრუნველად გასატარებლად.

ვემზადებით რა, უკეთ რომ ვთქვათ, ვოცნებობთ... ან სხვის ოცნებებს გვახვევენ თავს... ან უბრალოდ არ ვიცით, რაზე ვოცნებობთ... ფრთხილად იყავით საკუთარ სურვილებთან, ისინი შესაძლოა ახდესო - ალბათ კოელიომ თქვა... ყველას გახსოვთ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობა - დიდი მხარდაჭერა და ბევრი ოცნება ეროვნული გმირის მიერ შექმნილ დიად მომავალზე...

მეორე მთავრობა, დიდი მხარდაჭერა და ბევრი ოცნება დიდი პოლიტიკოსის მიერ შექმნილ დიად მომავალზე... მესამე მთავრობა, დიდი მხარდაჭერა და ბევრი ოცნება რეფორმატორის მიერ შექმნილ დიად მომავალზე... მეოთხე მთავრობა, დიდი მხარდაჭერა და ბევრი ოცნება ფულიანი კაცის მიერ შექმნილ გასაოცარ დემოკრატიაზე... მხარდამჭერთა პროცენტულ მაჩვენებლებს თუ გავითვალისწინებთ, ერთი და იგივე ხალხი შეგვრჩება ხელთ... ერთი და იგივე ადამიანებს საოცარი სისწრაფით ეცვლებათ სურვილები და შემდეგ ცხოვრება გაჰყავთ ერთმანეთთან იმაზე კამათში, ახდა თუ დაიმსხვრა მათი ოცნება... რამ გამახსენა და, ერთი ჰოლივუდური ფილმი გამახსენდა - „გაქცეული პატარძალი“.

ფილმი ქალზე, რომელმაც მრავალჯერ დაგეგმა დიადი მომავალი და ბოლო წამებში ყოველთვის უარი თქვა საკუთარ ოცნებაზე... თავად ფილმი დიდი ვერაფერი ბედენაა, რომ არა ჯულიას და რიჩარდის კიდევ ერთი მომხიბვლელი დუეტი და მათი მუდამ მომხიბვლელი ღიმილი... რამ გამახსენა და, ერთი პასაჟი გამახსენდა - მთავარი გმირი ვერ სცემს პასუხს მარტივ შეკითხვას, ტაფამწვარი ურჩევნია, ომლეტი თუ „გლაზუნია“... მთავარი გმირი, საკუთარი ნებით, იცვლის გემოვნებას ყოველი ახალი „ცხოვრების მთავარი ადამიანის“ გამოჩენისთანავე და შემდეგ გაურბის ყველას, ანუ გაურბის მომავალს და ცდილობს გაექცეს საკუთარ თავს თეთრი საპატარძლო კაბის შრიალით... სადაც არ უნდა გაიქცე, საკუთარ თავს ვერ გაექცევიო - ალბათ კოელიომ თქვა...

საკუთარ არჩევანს ვერ გაექცევიო - ალბათ ამასაც იტყოდა სადმე... კოელიო ნამდვილად ვერ იტყოდა და ერთსაც მე ვიტყვი - ქართული საზოგადოება, საკუთარი ნებით, იცვლის გემოვნებას, ოცნებებს, გეგმებს ყოველი ახალი „მთავარი პოლიტიკოსის“ გამოჩენისთანავე და შემდეგ ცდილობს გაექცეს რეალობას ანუ მომავალს ანუ საკუთარ თავს თეთრი საპატარძლო კაბით ვერა და თეთრი ბიულეტენების შრიალ-შრიალით... წელს უჩვეულოდ უჩვეულო წინასაარჩევნო შემოდგომა გვქონდა - „მთავარი პოლიტიკოსი“ ვერ გამოიძებნა - ადამიანები უნუგეშოდ დაობდნენ ერთმანეთში იმის იმედად, რომ მათი „მთავარი“ საერთო-სახალხო „მთავარი“ გამხდარიყო და კიდევ ერთხელ მოგვესინჯა „ჩვეული“ კალაპოტი - დიდი მხარდაჭერა, საერთო ოცნებები, საერთო მომავალი მომავლის იმედების მომავალ დამსხვრევამდე... და მე ძალიან მომეწონა ეს უჩვეულოდ უჩვეულო წინასაარჩევნო შემოდგომა...

***

ძალაუფლება რყვნისო, სულ ვიმეორებთ და შემდეგ გულმოდგინედ ვეძებთ ადამიანს, ვისაც მივანიჭებთ განუზომელ ძალაუფლებას... ალბათ იმიტომ, რომ არასდროს გვიცხოვრია ქვეყანაში, სადაც ერთი ადამიანი ვერ წყვეტს ყველაფერს... ალბათ იმიტომ, რომ არასდროს გვიმუშავია ისეთ სამსახურში, სადაც ერთი ბოსი ვერ წყვეტს ყველაფერს... ალბათ იმიტომ, რომ არასდროს გვიცხოვრია ისეთ ოჯახში, სადაც ერთი ადამიანი ვერ წყვეტს ყველაფერს... ალბათ იმიტომ, რომ გვეშინია კოლექტიური პასუხისმგებლობის, რადგან მოგვიწევს შედეგებზე საკუთარი თავის დადანაშაულება...

ადამიანები არ არიან სრულყოფილები, ადამიანები არიან ისეთები, როგორებიც არიან... არასრულყოფილი ადამიანები ქმნიან კარგ სისტემებს, თუ მათ ვაიძულებთ ერთმანეთს მოუსმინონ და გადაინაწილონ ძალაუფლება... პირველი მცდელობა ყოველთვის რთულია - პირველი ნაბიჯი, პირველი სიყვარული, პირველი სამუშაო დღე... ყველა პირველს მოჰყვება მეორე, მესამე და „პირველი“ ცხოვრების წესად იქცევა თუ ერთხელ გავბედავთ... უნდა გავბედოთ კოალიციური ძალაუფლება - დღესვე, ან თუნდაც ხვალ, ან თუნდაც ძალიან მალე... პირველად აუცილებლად გაგვიჭირდება...

***

საქართველოში საინტერესო გამონათქვამებს ყოველთვის კოელიოს მიაწერენ... არ ვიცი რატომ, რით დაიმსახურა ბატონმა პაოლომ ესოდენ დიდი პატივი... გულწრფელად ვიტყვი, კოელიო არ არის ჩემი საყვარელი მწერალი, მაგრამ რადგან ქართველ ხალხს ასე ეამება, დავყვები მათ ნებას... კოელიომ თქვა, კოალიციური მმართველობა დიდი თავის ტკივილია, მაგრამ ვისაც არ სტკივა, ის ცოცხალიც აღარ არისო...