„გოგოშკები“ „მამაკაცი თავია და ქალი კისერი, რომელიც მას ატრიალებსო“ - ხშირად ამბობენ ასე მასკულინურ საზოგადოებებში. თავ-კისერ-ფეხისა არაფერი ვიცი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის არარსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ ქალს არ აქვს როლი ან ფუნქცია საზოგადოებაში. გააჩნია როლს და გააჩნია ფუნქციას... დღევანდელ გოგო-ბიჭებზე გამიჭირდება რაიმეს თქმა, მაგრამ ჩემი თაობის „გოგო-ბიჭებზე“ კი ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი და გასახსენებელი. ჩემს ყმაწვილქალობაში, ბევრი ლამაზი გოგო ოცნებობდა „ავტორიტეტის ცოლობაზე“ - კონკიას კომპლექსის ქართული ვარიანტი... ზოგს აუხდა ნატვრა, ზოგს ვერა... ვინც სურვილები ვერ აიხდინა, შურით და ინტერესით ადევნებდა „წარმატებულების“ ცხოვრებას თვალს - სამზარეულოებში შეყუჟული გოგოების რიტუალური ჭორაობები...
ვისაც ეს დრო არ გახსოვთ, ალბათ იკითხავთ, რატომ უნდა უნდოდეს ქალს, საკუთარი ცხოვრება დაუკავშიროს კრიმინალურ ავტორიტეტს, რომლისგანაც ვერავინ დაიცავს - ვერც ოჯახი, ვერც სახელმწიფო... ბრმა რომანტიზმი? ფული და ფუფუნება? - რასაკვირველია, ცოტ-ცოტა ყველაფერი. მაგრამ იყო კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ასპექტი - „ავტორიტეტის“ ცოლს პატივს სცემდნენ მეზობლები, მეგობრები, ნათესავები... „ცოლები“ უსაფრთხოდ გადაადგილდებოდნენ ქუჩებში, სადაც არ იყო სიარული უსაფრთხო...
„ცოლებს“ ვერავინ ეტყოდა „წადი ქალო, პატრონი არ გყავსო?“... „ცოლებს“ პატივს სცემდნენ ყველა იმ სახლსა თუ დაწესებულებაში, სადაც უცხო იყო ადამიანის მიმართ პატივისცემა... აღიარება და პატივისცემა ძალადობითა და აგრესიით სავსე საზოგადოებაში, ერთი ადამიანის მორჩილებისა ფასად... აღიარება და პატივისცემა კრიმინალზე თვალის დახუჭვის ფასად... რას იტყვით, მგონი სარფიანი გარიგებაა ეშმაკთან... ესეთ გოგოებს „ეტენებოდნენ“ სხვა გოგოები - ცოტაოდენი „სიკეეთეები“ მათაც შეხვდებოდათ... ესეთ „ცოლებთან“ მეგობრობდნენ ექიმების, მეცნიერების, პარტიული ბოსების ცოლები - ცოტაოდენი უსაფრთხოება მათაც შეხვდებოდათ... და აი ასე, ნელ-ნელა, იქმნებოდა რაღაც კასტა, „ჩიკას დაქალების“ კასტა - „მაღალი“ გემოვნებით, დიდი ამბიციით და ქალური სოლიდარობით თავისი მსგავსი „გოგოშკების“ მიმართ... ალბათ მკითხავთ, რამ გამახსენა ეს ყველაფერი ახალი ამბებით დახუნძლულ მძიმე კვირაში - მათმა სახეებმა გამახსენა, სახეებმა, რომლებმაც დაიჯერეს ყველა ის როლი, რაც თავად შექმნეს საკუთარი თავისთვის წინა ათწლეულებში... სახეებმა, რომლებმაც სიმწიფის ასაკში მათი კასტურობა ექსპერტობის, მენტორობის და ქვეყნის ბედ-იღბალზე მთავარი მოფიქრალის ამბიციად აქციეს... სახეებმა, რომლებმაც ერთის მორჩილებით სხვებზე ზეგავლენის უფლება მოიპოვეს... სახეებმა, რომელიც ეძიებენ ახალ ავტორიტეტებს და ახალ თბილ ადგილებს მათ გარშემო - თავ-კისერ-ფეხის ახალი ამბავი...
***
მასლოუს მოთხოვნილებების პირამიდაზე ალბათ ყველას გსმენიათ - ადამიანური მოთხოვნილებების ხუთი საფეხური: ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, უსაფრთხოების მოთხოვნილება, სოციალური მოთხოვნილება, პატივისცემის მოთხოვნილება, თვითგამოხატვის მოთხოვნილება... პირველი ორის გარეშე, ადამიანი ადამიანიც ვერ იქნება... ჩემი აზრით, მესამე საფეხურიც არ არის ადამიანის ადამიანად ყოფნის განმსაზღვრელი - სოციალიზაცია სხვა ძუძუმწოვრებსაც სჭირდებათ
...მეოთხე-მეხუთე საფეხურზე ადამიანი იქცევა პიროვნებად... ერთხელაც, როდესაც მასლოუს მოთხოვნილებების პირამიდის ილუსტრირება დამჭირდა გარკვეულ საკითხზე მსჯელობისთვის, დამსწრე საზოგადოებიდან ყურადღებით მომაპყრო მზერა ერთმა ძალიან საყვარელმა ბიჭმა, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა ცოდნით და აქტიურობით, მაგრამ კეთილი თვალებით და მორიდებული ხასიათით კეთილგანწყობას უდაოდ იწვევდა... საოცრად გამიხარდა მისი დაინტერესება და ჩავეკითხე, რას ფიქრობდა. შეკითხვა მაქვსო, მეოთხე და მეხუთე საფეხური ქალებსაც ეხებათო? ქალის მთავარი ფუნქცია ხომ შვილების ყოლააო... მორიდებულმა და ძალიან საყვარელმა ბიჭმა ადამიანის გაადამიანებამდე საფეხურზე მიგვიჩინა ყველა ქალბატონს ადგილი თავისი საფირმო კეთილი ღიმილით...
***
„მამაკაცი თავია და ქალი კისერი, რომელიც მას ატრიალებსო“ - ხშირად ამბობენ ასე მასკულინურ საზოგადოებებში... და ქალიც მთელ თავის რესურსსა და ენერგიას დახარჯავს კისრად გადაქცევაში - კისერი ქმრისთვის, კისერი შვილისთვის, კისერი ბოსისთვის, კისერი კრიმინალური თუ პოლიტიკური ავტორიტეტისთვის... კისრებს სჯერათ, რომ ადამიანური მოთხოვნილებების ბოლო საფეხურებს საზოგადოება თუ არა, ავტორიტეტები მაინც გაიმეტებენ მათთვის... რამდენი კარგი მსჯელობა მომისმენია ჩვენი საზოგადოების სისუსტეებზე... დანაშაულზე, ნეპოტიზმზე, უმოქმედობაზე - ანუ წართმეულ მომავალზე... რამდენჯერ დასმულა კითხვა „გვეშველება რამე?“ ჰოდა ამ საშველის ძიებაში თავ-კისერ-ფეხის ამბავიც არ გამომიტოვოთ, თქვენი ჭირიმე... ამბავი დიდი ბოსების მაქმანებში ჩამალული კისრების შესახებ...