თბილისსა და იმერეთში ყალბი კოვიდ-პასპორტების გამოყენების ფაქტზე პასუხისგებაში 9 ადამიანი მიეცა

"თბილისსა და იმერეთში ყალბი კოვიდ-პასპორტებისა და COVID-19-ის ტესტის უარყოფითი შედეგის ამსახველი ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენებისთვის 9 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, მათგან ერთი დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა თბილისში მდებარე ტურისტულ კომპანიაში, კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისათვის გათვალისწინებული სავალდებულო კარანტინისაგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს ორი ყალბი ე.წ. კოვიდ-პასპორტი თითო 70 ევროდ დაუმზადა.

"ბრალდებულმა შეიტანა ყალბი მონაცემები დოკუმენტის მიმღები პირის მიერ ჩატარებული კოვიდვაქცინაციის სრული კურსისა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების უარყოფითი შედეგების თაობაზე, რის შემდეგაც დოკუმენტები დაამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა როგორც ხსენებული ყალბი დოკუმენტები და ბეჭდები, ასევე, სხვა მოქალაქეებზე გასაღების მიზნით დამზადებული ყალბი კოვიდ-პასპორტები და მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა", - ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მეორე შემთხვევაში იმერეთის რეგიონში მხილებულია რვა პირი, რომლებმაც საზღვრის კვეთისას რეგულაციებისათვის თავის არიდების მიზნით შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ტესტის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები.

ამასთან, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობა. დანაშაული 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.