ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე
უჯიკე ბიძია მაგას, უჯიკე
მიყვარს უცხოური პრესის გადათვალიერება, ყოველთვის მიყვარდა, თითო ვადაგასულ გაზეთს რომ ძლივს იპოვიდი რომელიმე ბიბლიოთეკაში, მაშინაც... დღეს ინტერნეტმა ყველა ბარიერი მოხსნა - იკითხე რაც გინდა, რამდენიც გინდა...უცხოური ტელემედიის პროდუქტის ყურება ხომ მიყვარს და მიყვარს, განსაკუთრებით დოკუმენტური ფილმებისა და ადამიანთა ცხოვრების ამსახველი სიუჟეტების. ცნობილი საერთაშორისო მედია კომპანიები მართლაც რომ საოცარ დოკუმენტალისტიკას გვთავაზობენ, ფილმებს ადამიანებზე და ადამიანებისთვის - პრობლემების ახსნა და გამოსავალზე ფიქრი; ფაქტების დაბალანსებული წარმოჩენა და ფაქტების მონაცემებზე დაყრდნობა; პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ რიგითი ადამიანების თანამშრომლობა უკეთესი მომავლისთვის; ურთიერთკრიტიკა და ურთიერთპატივისცემა...ცუდი ჩვევაა უცხოურ მედიაზე მიჩვევა - ქართული მედია პროდუქტი სრულიად უფერულდება... ცუდი ჩვევაა უცხოურ მედიაზე მიჩვევა - სურვილი გიჩნდება შენც იმ სამყაროს ნაწილი გახდე...
სულ მეფიქრება, ის სამყარო ქმნის იმ მედიას თუ ის მედია იმ სამყაროს...რასაკვირველია, პოლიტიკური ვნებათაღელვა ნამდვილ დემოკრატიულ საზოგადოებებსაც ახასიათებს, უფრო სწორად, ნამდვილი პოლიტიკური ვნებათაღელვა სწორედ ნამდვილ დემოკრატიულ საზოგადოებებს ახასიათებს... იქ სიტყვიერ დუელში ერკინებიან კანდიდატები და მათი მხარდამჭერები ერთმანეთს - იქ მსჯელობენ მომავალ პროექტებზე მონაცემებსა და კვლევებზე დაყრდნობით, იქ მსჯელობენ პოლიტიკური პროგრამების დეტალებზე და ამ პროგრამების იმპლემენტაციის სირთულეებსა თუ შედეგებზე... იქაც უყვართ და სძულთ, იქაც იგებენ და აგებენ, იმიტომ, რომ იქაც ადამიანები ცხოვრობენ... და ეს ადამიანები ერთმანეთს ულოცავენ გამარჯვებას საკუთარი მარცხის შემდეგ, ეს ადამიანები ერთობლივად მართავენ ქვეყანას პირადი მარცხისა თუ გამარჯვების მიუხედავად...სულ ერთი შემთხვევა მახსენდება ქართული რეალობიდან, როდესაც პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხებულმა კანდიდატმა მეორე დღესვე მიულოცა გამარჯვება ოპონენტს და ამ ჟესტისთვის ის ყველამ გალანძღა, მტერმაც და მოყვარემაც - გარიგებული ყოფილაო, სპექტაკლი ყოფილაო, სუსტი ყოფილაო, პოლიტიკის არაფერი გაეგებაო, პოლიტიკა ბინძური საქმეაო, კაცი კაცისთვის მგელიაო...
იქ სადღაც შორს, ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით, ქალები რომლებიც ძლევამოსილ ქვეყნებს მართავდნენ და მთელ კონტინენტზე გავლენას ახდენდნენ, საკუთარი ნებით წავიდნენ პოლიტიკის მწვერვალებიდან და მიულოცეს კონკურენტებს... იქ სადღაც შორს, ცხრა მთას იქით და ოკეანეებს გადაღმა, კაცები რომლებიც ძლევამოსილ ქვეყნებს მართავდნენ და მთელ მსოფლიოზე გავლენას ახდენდნენ, ერთმანეთთან მეგობრობენ მიუხედავად მარცხისა თუ პარტიული დაპირისპირებისა, ფეხბურთის მატჩებზე ერთად მიდიან მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები...იქ სადღაც შორს, ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით თუ ოკეანეებს გადაღმა, ალბათ არ იციან რომ კაცი კაცისთვის მგელია, ალბათ პოლიტიკის არაფერი გაეგებათ, ალბათ გარიგებულები არიან და პოლიტიკურ სპექტაკლებს დგამენ... ალბათ ისინი სუსტები არიან...
***
სულ მეფიქრება, რა ქმნის თანამშრომლობის ჩვევას და საზოგადოებრივ ეთიკას? რა ქმნის საარჩევნო თუ პოსტ-საარჩევნო კულტურას? ზემოდან მოდის იმპულსები თუ ქვემოდან მოდის დაკვეთა? კვერცხის და ქათმის დილემის არ იყოს, პოლიტიკურმა ელიტამ უნდა ასწავლოს საზოგადოებას საკუთარი მაგალითით თუ პირიქით, საზოგადოებამ აღზარდოს პოლიტიკური ელიტა... როგორც ერთი გმირი ამბობს, უჯიკე ბიძია მაგას, უჯიკეო - ვინ ვის უნდა უჯიკოს ამ მოჯადოებული წრის დასარღვევად, სადაც სიძულვილი სიძულვილს შობს, სადაც ზიზღი თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის, სადაც თანამშრომლობის შეუძლებლობა პროფესიონალიზმს კლავს, სადაც არაპროფესიონალიზმი მომავალს აუფერულებს, სადაც კაცი კაცისთვის მგელია, პოლიტიკა ბინძური საქმეა და ოპონენტთან თანამშრომლობა პოლიტიკური სისუსტე...
***
ერთ ცხრა ზღვას იქეთა ამბავზე მინდა მოგიყვეთ ახალგაზრდობის წლებიდან. სამუშაო გარემოში მენტორი მყავდა - მაღალი, ჯმუხი, ჟღალი პროფესორი, რომლის ბიოგრაფიული მონაცემების წაკითხვის შემდეგ მივხვდი რატომ ჰქონდა ესეთი გადაღლილი სახე... როდესაც მენტორს პროფესიული რჩევისთვის მივადექი, თავი აარიდა პასუხს და მხოლოდ ის მირჩია, ინფორმაცია სად მომეძიებინა. ცოტათი გამიკვირდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ იქ, იმ გარემოში, სხვის აზრებზე ზეგავლენის მცდელობა მიუტევებელ ცოდვად ითვლებოდა და ჩემდა უნებურად, ეთიკის დარღვევას ვთხოვდი ადამიანს... ისიც ვიფიქრე, რა დანიშნულება აქვს მენტორის ყოლას, თუ მისგან ვერაფერს ვისწავლი თქო...ჩემი ჟღალი მენტორი დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და ემოციურობით არ გამოირჩეოდა - გარშემო მყოფებთან მუდმივად დისტანციურ, კოლეგიალურ ურთიერთობებს ინარჩუნებდა. ერთ დღესაც, დეპარტამენტში შეხვედრის ჩასატარებლად მოვიდა სხვა მაღალი, შავგვრემანი პროფესორი. ჩემმა ჟღალმა მენტორმა განსაკუთრებული ემოციით მიიღო სტუმარი, გადაეხვია, გადაკოცნა, მსჯელობდნენ რაღაც საკითხებზე და ბავშვური ხალისით იცინოდნენ ხუმრობებზე. ჩავთვალე, რომ ძველი მეგობრები იყვნენ და გაეხარდათ ერთმანეთის დანახვა. ახალგაზრდა კოლეგამ, რომელიც კულტურული თარჯიმნის როლს მიწევდა ხოლმე ჩემთვის დამაბნეველი კულტურული ღირებულებების საზოგადოებაში, ამიხსნა, რომ ეს ორნი მთელი კარიერული ცხოვრების მანძილზე ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ - სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ, სამეცნიერო სფეროში კი კრიტიკულ სტატიებს უძღვნიდნენ ერთმანეთს... ეს ორი კაცი ბავშვობის მეგობრებივით ხალისობდნენ ერთად, იმიტომ რომ ორივემ კარგად იცოდა საკუთარი თავის ფასი, მეტოქეობის ფასი და მეტოქესთან თანამშრომლობის ფასი... იმ დღეს მივხვდი, რომ მენტორისგან ბევრ რამეს ვისწავლიდი...