ახლა, როცა რთული პერიოდია მთელი მსოფლიოსთვის,როცა ადამიანები დაბნეულები და რეგულაციების გამო, პირდაპირი მნიშვნელობით გათითოკაცებულები არიან, როცა თითქმის ყოველდღიურ სტატისტიკად იქცა სიკვდილის ცნობები, თითქოს გადაგვავიწყდა, რომ ჩვენი ადამიანური სატკივარის და საწუხარის მიღმა არსებობენ მიუსაფარი ცხოველები.
მათი ხვედრი პანდემიამ უკიდურესად დაამძიმა, ისინი ხომ ჩვენს მიერ ახმაურებული ქუჩების,რესტორნებისა და კაფე-ბარების მეშვეობით საზრდოობდნენ, კეთილი ადამიანების დახმარებით იკვებებოდნენ.
დღეს კი უკაცრიელი ქუჩები და ბოქლომდადებული კვების ობიექტები მათთვის სიკვდილ-სიცოცხლესთან ბრძოლის წინა ხაზად იქცა. წინა კვირას, ღამის თბილისის გადასაღებად გასულს, შავთელზე, ანჩისხატთან კუდის ქიცინით დამედევნა მოწყენილი და გაძვალტყავებული ძაღლი, შევეცადე დამეპურებინა რაც მქონდა იმ საგზალით, მერე სხვები შემხვდნენ კოტე აფხაზის ქუჩაზე, ჭიაურელის სკვერთან, შარდენზე, აბანოთუბანში, ორბელიანზე, აღმაშენებელზე და კიდევ სად აღარ.
ეს ის ადგილებია, სადაც კოვიდშეზღუდვებამდე უამრავი რესტორანი მუშაობდა და ძაღლები პურდებოდნენ. დღეს ყველაფერი დაკეტილია და ისინი მშივრები დარჩნენ. მოწყენილები და სევდიანები ადამიანებისთვის განკუთვნილ მაგიდებსა და სკამებზე შემომსხდარები ამაოდ ელიან ადამიანების გამოჩენას...
მახსოვს, ჩემი გერმანელი კოლეგა მეუბნებოდა, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოება იმითაც ფასდება, როგორ ეპყრობიან ცხოველებსო,ზუსტად ასეა, როგორი საზოგადოება ვართ, ვიზომებით არა მხოლოდ ერთმანეთთან არამედ ცხოველებთან ჩვენი დამოკიდებულებების მიხედვითაც.ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე.