აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი რუსეთს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ბერნსი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა და მიზანი აშშ-რუსეთის ურთიერთობების განხილვა იყო. იუწყება პატრუშევის ოფისი.
ამასთან, Reuters-ი რუსეთში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უილიამ ბერნსი აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურ დელეგაციას ხელმძღვანელობს.
„დელეგაცია რუსეთის მთავრობის წევრებს ხვდება, რომ ორმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი საკითხები განიხილოს“, - აღნიშნავს საელჩოს წარმომადგენელი.
„ორ ქვეყანას შორის კავშირები დაიძაბა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული აჯანყების მხარდაჭერის, ჰაკერული თავდასხმების და სხვა საკითხების გამო“, - წერს ამერიკული მედია.
მედია ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟენევაში, ივნისში გამართეს შეხვედრა რათა თავიანთ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი გაეხადათ.