უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზებზე, რათა ეს 2030 წლამდე მოხდეს - ვერშბოუ

უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზებზე, რათა ეს 2030 წლამდე მოხდეს - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ბერშბოუ იმედს გამოთქვამს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შეათანხმებს კონკრეტულ გეგმას, რათა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შესაძლებელი გახდეს.

ის ასევე იმედოვნებს, რომ ბაიდენი დაინტერესდება მისი ინიციატივით, რომელიც საქართველოსთვის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.

„ბუქარესტის სამიტიდან, სადაც ნატო-ს მოკავშირეებმა დადეს პირობა, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდებიან, ძალიან დიდი დრო გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს განვითარების სტრატეგიული ანგარიშშიც კი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ეს დაპირება და ზოგადად ღია კარის პოლიტიკა მტკიცედ არის მხარდაჭერილი, საქართველომ ჯერ კიდევ არ იცის, როდის და როგორ შესრულდება 2008 წლის პირობა. ახლა 12 წელია გასული ბუქარესტის სამიტიდან, 2030 წელს კი, უკვე 22 წელი გავა. ამიტომ, ცხადია უნდა ვიფიქროთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზებზე, რომ ეს 2030 წლამდე მოხდეს. იმედი მაქვს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩემი ინიციატივით დაინტერესდება, რომელიც საქართველოსთვის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. თუ გავითვალისწინებთ, თავად არჩეული პრეზიდენტის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგულებას, იმედს ვიტოვებ, რომ ის შეათანხმებს კონკრეტულ გეგმას, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შესაძლებელი გახდეს“, - აცხადებს ალექსანდრ ვერშბოუ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის ინსტრუმენტები ხელმისაწვდომია, თუმცა ასოცირებული სტატუსი დამატებით ბიძგს მისცეს ნატო-საქართველოს დაახლოებას და ეს ერთგვარი გარდამავალი ეტაპი იქნება, რომელიც საქართველოს ალიანსის სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს.

„საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად ერთი ინსტრუმენტი უკვე ხელმისაწვდომია. ესაა წევრობის სამოქმედო გეგმა. ამ ინსტრუმენტის ასამოქმედებლად ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო. ასევე მექანიზმები არსებობს ნატო-საქართველოს კომისიაში და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში და სხვა ინსტრუმენტებში, რომელიც საქართველოს უკვე გააჩნია. თუმცა, ვფიქრობ საქართველოს შეიძლება მიენიჭოს ერთგვარი გარდამავალი სტატუსი, ისეთი როგორიცაა ალიანსის ასოცირებული წევრობაა. ასეთი სტატუსი ჯერ არ არსებობს. ეს ჯერ მხოლოდ იდეაა. თუმცა, ამ სტატუსმა ნამდვილად არ უნდა ჩაანაცვლოს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობა. მე ამ სტატუსს განვიხილავ გარდამავალ ეტაპად, როდესაც ნატო და საქართველო იმუშავებენ ერთად, რათა უზრუნველყონ, რომ მეხუთე მუხლი ანუ კოლექტიური თავდაცვა საქართველოს სრულუფლებიანი წევრობის პირველივე დღეს ამოქმედდება.

ეს პერიოდი ნატო-მ და საქართველომ ასევე უნდა გამოიყენო საქართველოს ყველა მეზობლის და მათ შორის რუსეთს დასარწმუნებლად, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება გაზრდის რეგიონულ სტაბილურობას. ასე რომ, ვფქრობ ეს გარდამავალი პერიოდი შეიძლება მოიცავდეს თანამშრომლობას რუსეთთან. რა დროსაც რუსეთის პრეტენზიებს უკეთ მოისმენენ და მათ დაძლევის გზები მოიძებნება. უნდა გამოიძებნოს გზა, რათა რუსეთი დავარწმუნოთ, რომ საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების შემდეგაც კი, ნატო თავდაცვით ალიანსად დარჩება. ცხადია, ეს ხვალ ვერ მოხდება. რუსეთთან ამგვარი დიალოგის პირობები დღეს არ არსებობს. მაგრამ თუ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პირობას და ასევე რუსეთის მხრიდან მეზობლების მიმართ აგრესიას წინააღმდეგობას გავუწევთ, მაშინ კონსტრუქციული მიდგომის პერსპექტივა უფრო რეალური გახდება. პუტინი უნდა დაარწმუნო, რომ დრო არა მის სასარგებლოდ, არამედ მის წინააღმდეგ მუშაობს. ახლა პუტინი სხვაგვარად ფიქრობს, თუმცა თუ ნატო დაიწყებს მოძრაობას იმ მიმართულებით, რაზეც ვისაუბრეთ, ამან შეიძლება შეარყიოს მისი თავდაჯერებულობა“, - განაცხადა ვერშბოუმ.