ზელენსკიმ "დეოლიგარქიზაციის" კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ოლიგარქების გავლენას შეზღუდავს. ამის შესახებ პრეზიდენტის Twitter-ის ოფიციალური გვერდი იუწყება.

უკრაინის პარლამენტმა 23 სექტემბერს დაუჭირა მხარი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს“, რომლის მიზანიც ოლიგარქების გავლენის შემცირებაა.

კანონპროექტი იურიდიულად განსაზღვრავს სიტყვას „ოლიგარქი“ და აწესებს შეზღუდვებს ყველას მიმართ, ვინც აკმაყოფილებს ამ განსაზღვრებას.

ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს ზელენსკი, გააფართოებს უფლებამოსილებებს და შეიმუშავებს ოფიციალურ ოლიგარქთა რეესტრს. ამ სიაში შესულ ოლიგარქებს აეკრძალებათ პირდაპირი ან არაპირდაპირ შემოწირულობა პოლიტიკური პარტიებისთვის.

კანონპროექტი ზელენსკის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.

აშშ მოუწოდებდა უკრაინას, ზომები მიეღო „სცენის მიღმა“ მყოფი ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც უზარმაზარი პოლიტიკური გავლენით სარგებლობენ.