ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

ბინდბუნდი

ერთი საინტერესო დოკუმენტური ფილმი გამახსენდა თალიბების მიერ მართულ სოფელზე, სანამ თალიბები მთელ ქვეყანას დაიკავებდნენ. უცხოელი ჟურნალისტები თავად შეუშვეს სოფლის თავებმა იმის საჩვენებლად, როგორი ბედნიერი იყო იქ ხალხი და თალიბები მათზე როგორ ზრუნავდნენ. კიო, ადამიანები ყვებოდნენ, მოგვწონს აქ ცხოვრება, წესრიგი და სიმშვიდეაო, სამართლიანები არიანო... ამ „სარეკლამო“ ფილმში ბევრი უცნაური ამბავი იყო მოთხრობილი, მაგალითად, სოფლის მოედანზე გამართული სასამართლო, სადაც ადამიანები სრული სიმშვიდით საკუთარ სამართალს ელოდნენ და სასჯელს მადლიერებით იღებდნენ... „გასამართლდა“ ოჯახის მამა, რომელმაც ოჯახში სტუმრები მიიღო შვილის ქორწილის აღსანიშნავად; გაიროზგა გოგონა, რომელმაც ტელეფონზე დარეკვა გაბედა... სოფლის თითოეულ მცხოვრებს თავისი ხელით მოჰქონდა ხარკი - საკუთარი ნაშრომის უდიდესი ნაწილი... „კეთილი ეპიზოდებიც“ მოხვდა კამერაში - ფეხმძიმე გოგონას ექიმი მოუყვანეს. რამდენი წლის ხარო, ექიმმა ჰკითხა და არ ვიცი საკუთარი წლოვანებაო...

რამდენი თვის ორსული ხარო, ექიმმა ჰკითხა და ათი თვისო... მას შემდეგ, რაც თალიბებმა მთელ ქვეყანაზე აიღეს სრული კონტროლი, ბევრი ინფორმაცია გავრცელდა მათ შემზარავ დანაშაულებებზე. მაგალითად, პატარა გოგონას თავი მოჰკვეთეს მხოლოდ იმისთვის, რომ ფრენბურთელი იყო, მისმა ოჯახმა კი ამბავი არ გაასაჯაროვა სხვა შვილების გადასარჩენად... და ამ ორუელისეულ ჯოჯოხეთს ბევრი ფანი ჰყავს ჩვენს წილხვედრში - პატრიოტები არიანო, ვაჟკაცები არიანო, გარყვნილებას ებრძვიანო, „კორონა აფიორას“ არ აღიარებენო... ადამიანები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი მშვიდობიანი მუსლიმი ჩაქოლონ, თუნდაც საკუთარი მოკეთე და ნათესავი, შორეულ მუსლიმ ფუნდამენტალისტებს აქებენ დიდი მონდომებით... გაიგეთ რაიმე ამ ბინდბუნდში? მე ვერ გავიგე...

ჩვენს საზოგადოებაში ბევრი კონსერვატიული ჯგუფია. მათთვის ქალი უწესოა თუ მეზობელს გაუღიმებს, ქვედაბოლოში მუხლს გამოაჩენს, საცურაო კოსტუმს მოირგებს... ერთმა „კონსერვატიულმა“ ბელადმა ისიც კი გვითხრა, ოჯახის ქალმა „ტიტლიკანა თითები“ არ უნდა გამოაჩინოს ღია ფეხსაცმელშიო... ამ კონსერვატიულ ჯგუფებს „ექსპერტულ“ მხარდაჭერას უწევენ ის ქალები, ზოგს რომ სექსის ექსპერტად ვიცნობდით და ზოგს პროფესიონალ მეძავად... უძველესი პროფესიის წარმომადგენლებს არაფერს ვერჩი და ჩიჩოლინას ისტორიაც კარგად მახსოვს, მაგრამ რაღაცეები მაინც ვერ გავიგე... თქვენ გაიგეთ რაიმე ამ ბინდბუნდში?

ბევრ ადამიანს ვიცნობთ, ვინც პირად საუბარში ამაყობს იმით, როგორ „მოტეხა“ ბევრი ფული, როგორ „ჩაუწყო“ საქმე საკუთარ ახლობლებს, როგორ „მოუგვარეს“ ქურდებმა საქმე... მათი ცოლები თავს იწონებენ სიყვარულის ისტორიებით და საჯარო სივრციდან გვირჩევენ, როგორ გავხდეთ მოვლილები, გემოვნებიანები და ტრენდულები... ამ ქალებს და კაცებს, ამ ცოლებს და ქმრებს ბევრი ფანი ჰყავს - უფრო ისინი, ვისაც მოჰპარეს, ვინც გააღატაკეს, ვისი შვილებიც ვერასდროს გახდებიან მოვლილები და ტრენდულები... და მე რაღაცეები ისევ ვერ გავიგე... თქვენ გაიგეთ რაიმე ამ ბინდბუნდში?

ბევრ „მორწმუნეს“ ვიცნობთ, ვინც მზად არის თვალები საკუთარი ხელით დასთხაროს ყველას, ვინც „არ ევასება“... ბევრ „პატრიოტს“ ვიცნობთ, დღედაღამ საქართველოზე ლექსებს რომ პოსტავს და იქვე გვიმტკიცებს, ომი საქართველომ დაიწყოო... ბევრ „მასწავლებელს“ ვიცნობთ ჩვენს გაუნათლებლობაზე მოწუწუნეს, თავად რომ ვერასდროს გადალახა ბარიერი გამოცდაზე... ბევრ „ვაჟკაცს“ ვიცნობთ, „ქართველების ერთად ყოფნა დაგვილოცე ღმერთოო“ რომ გვახსენებენ ხშირ-ხშირად და თავად სამოქალაქო ომის „მხატვარს“ გულდასმით უსმენენ ინტერვიუებში... ბევრ „მეგობარს“ ვიცნობთ, ყველაფერს რომ გვილაიქებს, არადა ზუსტად ვიცით, არც ერთ ჩვენს აზრს არ იზიარებს... მე რაღაცეები ისევ ვერ გავიგე... თქვენ გაიგეთ რაიმე ამ ბინდბუნდში?

***

პირველი პრეზიდენტი ზოგს ისე უყვარდა, დღემდე ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად თვლის და ზოგს ისე სძულდა, მისი იარაღით დამხობა საქვეყნო საქმედ მიაჩნდა... ორივე მხარეს იდგნენ წარმატებულები, განათლებულები... და ვერც ერთმა მხარემ ვერ აირიდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ტყეში სიკვდილის სამარცხვინო აქტი... ჩვენ მოვკალით პირველი პრეზიდენტი და შემდეგ ყველამ ერთად გმირად ვაქციეთ...

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ზოგს ისე სძულს, მისი სიძულვილი ცხოვრების მისიად ექცა და ზოგს ისე უყვარს, სახელმწიფოს ერთადერთ გადამრჩენად მიაჩნია... და ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებს თავიდან აირიდოს მოშიმშილე პრეზიდენტის მოკვდინების სამარცხვინო საფრთხე... ალბათ შემდეგ ყველამ ერთად რომ გმირად ვაქციოთ... მე ვერაფერი გავიგე ამ ბინდბუნდში, ალბათ სწორი წერტილი ვერ ვიპოვე ჰორიზონტის შესათვალიერებლად...

***

„ისე ხშირად ვაბუნდოვანებთ საზღვარს კარგსა და ცუდს შორის, სწორსა და მცდარს შორის, მკაფიოდ ვეღარც ცუდს ვხედავთ და ვეღარც კარგს... “ - ამბობს ერთი პერსონაჟი ჩემს საყვარელ ფილმში...

კარგი სიტყვა გვაქვს ქართულ ენაში - ბინდბუნდი... ბინდს ან გათენება მოჰყვება ან დაღამება... ბინდბუნდში იოლია ყველაფერი ბინდს გადააბრალო... ბინდბუნდში იოლია დაკარგო ორიენტირიც და წარმოსახვაც... და ისე მივეჩვიეთ ბინდბუნდში ცხოვრებას, მკაფიოდ ვეღარც ახლოს ვხედავთ და ვეღარც შორს...