Europetime-თან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ახლად დანიშნული მოადგილის რეგიონულ ტურნეზე კომენტარი გააკეთა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ერიკა ოლსონი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ახლად დანიშნული მოადგილე გაემგზავრა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, რათა განიხილოს რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხები. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ვიზიტის დროს ერიკა ოლსონი ორმხრივ საკითხებსაც განიხილავს.
ამასთან, დღეს, ნედ პრაისმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მისი მიხედვით, აშშ მხარეებს მოუწოდებს ყველა დარჩენილი დაკავებულის გათავისუფლების, დაკარგულთა სრული აღწერის, დევნილთა დაბრუნების, კონფლიქტის რაიონების განაღმვისა და დაზარალებულებთან საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზციების წვდომის დაშვებისკენ. აშშ ასევე ითხოვს ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სავარაუდო დარღვევების გამოძიებასაც.
„ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, გააგრძელონ და გააძლიერონ ჩართულობა, მათ შორის, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, რათა მოძებნონ ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ან შედეგად გამოწვეული ყველა გადაუჭრელი საკითხისთვის, - აღნიშნულია განცხადებაში.
ნედ პრაისის თქმით, შეერთებული შტატები უსაფრთხო, სტაბილური, აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის და მშვიდობიანი მომავლის ხელშეწყობის ერთგული რჩება.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსონი ამჟამად რეგიონში იმყოფება სამივე ქვეყანასთან ორმხრივი საკითხების განსახილველად და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობების განსასაზღვრად“, - აღნიშნავს ნედ პრაისი.