„ჩვენ მიგვიწვიეს მოსმენებზე პარლამენტში, თუმცა უარი ვთქვით“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, შერჩევის პროცესი არ შეესაბამება ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას, ასევე ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მისაღებად დაწესებულ პირობებს.
ჰარცელმა ასევე აღნიშნა, რომ არის გარკვეული ხარვეზები საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც „სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“.
„კვლავ მიგვაჩნია, რომ პაუზა ამ პროცესში სწორედ ისაა, რაც უნდა გაკეთდეს, რათა შემდგომი ქმედებების განხორციელებამდე პროცედურები გადაიხედოს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა და აღნიშნა, რომ ახლა სწორედ ქართველ დეპუტატებზეა დამოკიდებული, რომ „განსაჯონ სიტუაცია და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან“.
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს: გენადი მაკარიძეს, ნინო სანდოძეს, თამარ ოქროპირიძესა და თეა ძიმისტარაშვილს მოუსმენს.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის დანიშვნა ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული იყო.
31 ოქტომბერს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია.