"ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან, იგივე ეხება პროპორციულზე გადასვლასაც ანუ ცვლილებები რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდება", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ ამ პოზიციას გაიზიარებს მთელი უმრავლესობა. ამასთან, მისი თქმით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, ეს იქნება მათი კეთილი ნება და „პატარა საჩუქარი ოპოზიციისთვის“. ამასთან, როგორც ის დასძენს, რომ ცვლილებების მიღება დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევაზე.
„ამ ეტაპზე საერთოდ არ გრძელდება კანონპროექტის განხილვა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს, ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან.
ეს არის 5 %-იანი ბარიერი, 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5 %-იანი ბარიერით. რაც შეეხება 2 %-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.