,,ჩვენ ვაღიარებთ და ვაფასებთ თქვენს თანამშრომლობას დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემის მქონე საზოგადოებების მშენებლობაში, რაც თითოეულ მოქალაქეს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს. მნიშვნელოვანი გამოწვევისა და უზარმაზარი შესაძლებლობების მომენტში, დღეს როგორც არასდროს, დემოკრატიებისათვის მნიშვნელოვანია დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგს ჩვენი ხალხების საჭიროებებისათვის“, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისათვის გამოგზავნილ მოსაწვევ წერილში, რომელიც ვირტუალურ სამიტს ეძღვნება. მასში 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოვა.
სალომე ზურაბიშვილი ვირტუალური სამიტის მონაწილეებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინიციატივით იმართება,10 დეკემბერს მიმართავს.
სამიტი მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის ლიდერებს დემოკრატიის განახლებისა და მის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების დასაძლევად გააერთიანებს.