POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირი მზადაა, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს სანქციები დაუწესოს

POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირი მზად არის, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს სანქციები დაუწესოს.

დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, ეს ნაბიჯი მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ფონზე გადაიდგმება, რადგან რუსეთმა ათასობით ჯარისკაცს მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოფიციალურ პირებს ვაგნერის წინააღმდეგ სანქციების მომზადება გასულ თვეს დაავალეს. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ სამუშაო ახლა შესრულებულია. მოსალოდნელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები 13 დეკემბრის შეხვედრაზე მიიღებენ ზომებს, რომლებიც მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.

თითქმის 40 გვერდიანი დოკუმენტების პროექტების მიხედვით, ჯგუფს უნდა დაეკისროს სანქციები უკრაინაში, ლიბიასა და სირიაში მისი საქმიანობისთვის, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის“, - წერს POLITICO.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.