დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა გვეუბნება, რომ არ მოვახდინოთ ზედმეტი ზეწოლა საქართველოზე, რადგან მას არ სურს 3+3 ფორმატში მონაწილეობა რუსეთის გამო, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„დასავლეთის ზოგი ერთი ქვეყანა არის წინააღმდეგი, რომ საქართველომ მიიღოს მონაწილეობა 3+3 ფორმატში. ისინი გვეუბნებიან ჩვენც, რომ არ მოვახდინოთ ზედმეტი ზეწოლა საქართველოზე, რადგან მას არ სურს ამ ფორმატში მონაწილეობა რუსეთის გამო. ეს არ შეიძლება ზეწოლით მოხდეს. თუმცა ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ამ ფორმატში მონაწილეობისკენ, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ დაიწყოს საქართველოსა და რუსეთის რეალური დიალოგი“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ცნობისთვის, პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება. მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით.
ამასთან, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული.