მედიის ცნობით, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, საოლქო ადმინისტრაციაში დემონსტრანტები შეიჭრნენ

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, საოლქო ადმინისტრაციაში დემონსტრანტები შეიჭრნენ. როგორც „რადიო თავისუფლების“ ყაზახეთის ბიურო იტყობინება, შენობას ცეცხლი უკიდია.

მედიასაშუალების ცნობით, ათასობით დემონსრანტი, რომელთა ნაწილს რეზინის ხელკეტები, ჯოხები და ფარები აქვს, რესპუბლიკის მოედანზე პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყო. ძალოვანებმა მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

ყაზახეთის ქალაქ ალმათის ცენტრში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელები დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებენ.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაინიშნა. მთავრობის წევრები ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ.

თავდაპირველად დემონსტრაცციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

ყაზახეთში მთავრობა გადადგა

ყაზახეთში საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებენ