საქართველოში „ომიკრონის“ შიდა გავრცელება დაიწყო

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ვარიანტის „ომიკრონის“ 253 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა რეალური მაჩვენებელი სამჯერ ან ოთხჯერ მეტია. ამირან გამყრელიძის განცხადებით, 159 ინფიცირებულის მდგომარეობა მსუბუქია და მათ შორის მხოლოდ ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. აქედან კლინიკებში სამი პაციენტის გადაყვანა მხოლოდ თანმხლები დაავადების გამო გახდა საჭირო. ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემთხვევათა უმეტესობა უცხოეთიდან არის შემოსული, თუმცა ამასთანავე უკვე დაწყებულია „ომიკრონის“ შიდა გავრცელება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ 159 შემთხვევის ანალიზის თანახმად, ინფიცირებულთა შორის 16 არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდი.

17 პროცენტში რეინფიცირება დაფიქსირდა, 67 პროცენტი კი სრულად ვაქცინირებული ადამიანია. მათ შორის რვას ბუსტერდოზა აქვს გაკეთებული.

„დღევანდელი მდგომარეობით, წინა კვირის შესაბამის დღეებთან მიმართებით, ეპიდსიტუაცია უფრო და უფრო, თანდათანობით იძაბება და რთულდება. თუ ჩვენ ნოემბრის შუა რიცხვებიდან გვქონდა ყოველდღიური ახალი შემთხვევების ე.წ. დაღმავალი ტალღა და ეს სტაბილურად, რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ბოლო ერთი კვირაა, აღინიშნება ყოველდღიური შემთხვევების მატება და სხვა ინდიკატორების ზრდა, როგორიცაა დადებითობის მაჩვენებელი. სამი პროცენტით არის გაზრდილი დადებითობა.

გაზრდილია შვიდი დღის საშუალო დადებითობაც. ჯერჯერობით ეს არ შეტყობია ბოლო ორი კვირის დადებითობის საშუალოს. გუშინ ვთვლიდით, რომ შემთხვევების მატება შეიძლება, ყოფილიყო ე.წ. სამშაბათის სინდრომი, ანუ საახალწლო დასვენებებისა და შაბათ-კვირის დაგროვილი შემთხვევები, მაგრამ რადგან დღესაც მატება გვაქვს, ვთვლით, რომ სამწუხაროდ, დაიწყო ახალი შემთხვევების ზრდა და ამას შეიძლება, ორი მიზეზი ჰქონდეს: ქვეყანაში იზრდება „ომიკრონის“ გავრცელება და მეორე - წინასაახალწლო პერიოდში ქვეყანაში გვაქვს სერიოზულად გაზრდილი მობილობა. სამწუხაროდ, კვლავ მაღალი რჩება ყველაზე მძიმე, სიკვდილიანობის ინდიკატორი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დიდი ალბათობით მომდევნო ორ კვირაში შემთხვევები მოიმატებს, რისთვისაც ჯანდაცვის სისტემა მზადაა; გავრცელების სისწრაფე დინამიკურია და 30-40 პროცენტის ფარგლებშია.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.