ჰაკერთა ჯგუფი Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოში აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ. ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა მხარდაჭერა გამოუცხადა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს და „ქართული ოცნების" ხელისუფლებას კიბერშეტევებით და მონაცემთა ბაზების გასაჯაროებით დაემუქრა.
„საქართველოში აქციის მონაწილეებს: მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარებასთან დაკავშირებით. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები დგანან თქვენთან ერთად და დაგეხმარებიან დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას თქვენი ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ. ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და ელექტრონულ ფოსტებს და ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა,“ - აღნიშნულია Anonymous-ის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული.
Anonymous "ქართულ ოცნებასაც" მიმართავს.
„რუსეთის მიერ მხარდაჭერილ „ოცნების პარტიას“: გახსოვდეთ, რომ საქართველო არ არის და არასდროს იქნება რუსეთი. გველოდეთ," - აცხადებს Anonymous-ი.