ომბუდსმენი გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე: ყველა იმ პირზე, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

საქართველოს სახალხო დამცველი, 2-3 მაისს თბილისში, გმირთა მოედანზე, აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ათი პირი მოინახულეს. სახალხო დამცველის განცხადებით, მათი ნაწილი არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე მიუთითებს.


„სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი გასული ღამის განმავლობაში ადგენენ აქციაზე დაკავებულთა ადგილმდებარეობას, ხვდებოდნენ დაკავებულებს და პირადად იგებდნენ ინფორმაციას მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ.


3 მაისის დილის მდგომარეობით სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 10 პირი მოინახულეს.

ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს,“ - წერია განცხადებაში.


სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს ცხელი ხაზის ნომერს (14 81), რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე შეკრება 2 მაისის საღამოს, 18:00 საათისთვის დაიწყეს. გმირთა მოედანი, თამარ მეფის გამზირი, მარცხენა სანაპირო ექვს საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გადაკეტილი. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.


3 მაისს, დაახლოებით ღამის 01:00 საათისთვის, ინციდენტი მოხდა გმირთა მოედანზე. თვითმხილველები და მათ შორის დაშავებულები ამბობდნენ, რომ მათ თავს დაესხნენ „პროვოკატორები“, რომლებიც ავტომობილებით შეცვივდნენ გმირთა მოედანზე, გადმოვიდნენ მანქანებიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-ს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. თბილისში პროტესტი გრძელდება.