NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსმა რუსეთს წერილობითი წინადადებები გადასცა. მან პუნქტობრივად განიხილა ის სფეროები, სადაც საჭიროა პროგრესის მიღწევა. მაგალითად, NATO-რუსეთის ურთიერთობები; ევროპის უსაფრთხოება, მათ შორის არსებული მდგომარეობა უკრაინასა და მის გარშემო; რისკის შემცირება, გამჭვირვალობის გაზრდა და შეიარაღების კონტროლი. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის წევრები მზად არიან, NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში შეხვდნენ რუსეთს „რაც შეიძლება მალე“. თუმცა, ალიანსი არ წავა კომპრომისზე იმ ფუნდამენტურ პრინციპებთან მიმართებით, რომლებსაც ევროატლანტიკური უსაფრთხოება ეყრდნობა.
„რუსეთმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა NATO-სთან, რაც ართულებს ჩვენს დიალოგს. ამიტომ, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი შესაბამისი ოფისების მუშაობა მოსკოვსა და ბრიუსელში. ჩვენ ასევე სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი არსებული კომუნიკაციების არხები, რათა ხელი შევუწყოთ გამჭვირვალობას და შევამციროთ რისკები. ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის სიტუაცია უკრაინასა და მის გარშემო. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთებას და ჩავერთოთ რეალურ საუბარში, თუ როგორ უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ.
ეს მოიცავს თითოეული ერის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს აგრესიული რიტორიკისგან და მოკავშირეებისა და სხვა ერების წინააღმდეგ მიმართული მავნე ქმედებებისგან.
რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე, და ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მთელი ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას უკრაინასთან, ისევე როგორც NATO-ს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის ფინეთთან, შვედეთთან, საქართველოსთან და, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან. NATO არის თავდაცვითი ალიანსი, ჩვენ არ ვცდილობთ დაპირისპირებას. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას იმ პრინციპებზე, რომლებზეც დაფუძნებულია ჩვენი ალიანსის უსაფრთხოება. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ყველა მოკავშირის დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.