ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ ძლიერი ბერკეტები გვაქვს და ეს ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გაზრდის

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ გამორიცხა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა, როდესაც საქმე რუსეთისთვის სანქციების დაწესებას შეეხება.

მისი თქმით, „თუ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განხორციელდება, მას რუსეთისთვის უზარმაზარი შედეგები მოჰყვება.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.

მან რუსეთს ასევე შეახსენა, რომ ევროკავშირი ასევე ყველაზე დიდი ინვესტორია რუსეთში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 75% სწორედ ევროკავშირზე მოდის.

„ჩვენ ძლიერი ბერკეტები გვაქვს და ეს ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გაზრდის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.