რუსეთის საგარეო უწყებამ თბილისს ნოტა გამოუგზავნა

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან „პარტია „ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ აქციას რუსეთის საგარეო უწყება ნოტით გამოეხმაურა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ზაიცევმა განაცხადა, რომ სამინისტრო შეშფოთებული და ამ საკითხზე მათ ნოტა გადასცეს საქართველოს საგარეო უწყებას.

„26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ გამართა ანტირუსული აქცია საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობასთან ახლოს. ცოტა ხნით ადრე კი სექციაში გამოირთო ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგება. რუსეთის ინტერესების სექციასთან მომხდართან დაკავშირებით გაგზავნილია ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვენის 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ კონვენციის მკაცრი დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანალოგიური შეტყობინება გადასცა მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელს", - განაცხადა ზაიცევმა.

რადიო თავისუფლების ცნობით, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის სექციის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი. რუსეთის საგარეო უწყება იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა შესაძლო ზომას, რომ არ დაუშვას „ასეთი ინციდენტები".

26 იანვარს თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან პარტია „ევროპული საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია - „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან“.

აქციის ორგანიზატორებმა შენობის ფასადზე უკრაინის მხარდამჭერი სიმბოლოები გამოსახეს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.