მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.
საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო სისტემის JAVELIN-ების დამატებითი პარტიის შესყიდვაზე მუშაობს.
„როგორც ცნობილია, 2021 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის დამატებით 30 მილიონი დოლარის JAVELIN-ების შესაძლო საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში, შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ახალ ტანკსაწინააღმდეგო გადასატან სისტემა JAVELIN-ს გამარტივებული წესით შეისყიდის.
თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ JAVELIN-ის სისტემის შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 26 მლნ 246 ათასი 866 აშშ დოლარი, დაფინანსდება შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხებით, ასევე, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებით.
მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის მიზნით, იმპორტიორებისათვის სავალდებულო ხდება ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა; GMP-ის სტანდარტის დოკუმენტის, სავალდებულო წესით წარდგენის ეტაპობრიობასა და პირობებს მიმდინარე წლის მარტამდე საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
ცვლილების მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი მიდგომები ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და იმპორტიორებს შორის. მთავრობა პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თხოვნით მიმართავს“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.