დიდი ბრიტანეთის მთავრობა 10 თებერვლისთვის მთავრობა მზად იქნება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესოს, მიზანი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შეჩერებაა.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ ამ სანქციებს ვერავინ დაემალება. ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა რომელიც ძალაში იქნება 10 თებერვლამდე, ავტომატურად არ დააწესებს სანქციებს, მაგრამ ითვალისწინებს დამატებით მექანიზმს „უკრაინაში რუსეთის შემდგომი შემოჭრის შემთხვევაში“. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ახალი ზომები დიდ ბრიტანეთს საშუალებას მისცემს, იმოქმედოს „შეერთებულ შტატებთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად, რათა გაყინონ აქტივები და აკრძალონ მოგზაურობა“.
„ჩვენ ამ სანქციებს გამოვიყენებთ შიშის ან კეთილგანწყობის გარეშე. ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.
26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.