უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრ, ალექსეი რეზნიკოვის Twitter-ზე გავრცელდა.
„მეხუთე ჩიტი კიევშია! სხვადასხვა კალიბრის კიდევ 84 ტონა საბრძოლო მასალა! უახლოეს დღეებში თავდაცვითი იარაღის მორიგ პარტიას ველოდებით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან!“ - აღნიშნულია მინისტრის Twitter პოსტში.
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.
26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.