რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დღევანდელი სიტუაცია და განუწყვეტელი სპეკულაციები ძალიან ჰგავს 2008 წლის ომის პრელუდიას - საკმარისია ეს დასკვნების გასაკეთებლად? ამ კითხვას უპასუხა ჯონ ტეფტმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში. ის ამავე თანამდებობაზე მსახურობდა ლიეტუვაში, უკრაინასა და რუსეთშიც.
„დიახ, მე მაშინ იქ ვიყავი, მამაცი საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით... 10-დან 20 თებერვლამდე, რუსეთი ე.წ. წვრთნებს ატარებს ბელორუსში, ბელორუს სამხედროებთან ერთად. 20 თებერვლისთვის ოლიმპიადა პეკინში დასასრულს მიუახლოვდება. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პუტინი არაფერს მოიმოქმედებს ოლიმპიადის დროს, რათა საკუთარი მეგობარი, ჩინეთის პრეზიდენტი სი არ დაჩრდილოს. მაგრამ, როდესაც ბელარუსის საზღვარზე ამდენ რუს სამხედროს უყრი თავს...
ნებისმიერ ქართველს ჰკითხეთ, ახსოვს თუ არა, რა მოხდა 2008 წელს, როდესაც მსგავსი წვრთნები ჩრდილო კავკასიაში მიმდინარეობდა - წვრთნების შემდეგ რუსული დანაყოფები სახლში არ დაბრუნებულან, ისინი საქართველოში შემოიჭრნენ. თანაც, მაშინაც ოლიმპიადა იყო და მაშინაც ჩინეთში.
მოკლედ, ბევრი დამაფიქრებელი პარალელია... რუსეთი მზად იყო შემოსაჭრელად. ეს იყო მანევრი, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ეს ფაქტობრივად აღიარა კიდეც კონდოლიზა რაისთან სატელეფონო ზარის დროს - რომ მათი მიზანი იყო, თბილისში მთავრობა შეეცვალათ. ახლახან, როდესაც ბრიტანელებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთი ემიგრაციაში მყოფ ზოგ ყოფილ უკრაინელ ლიდერს ესაუბრებოდა, ეს კიდევ ერთხელ გამახსენდა“, - განაცხადა ჯონ ტეფტმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.