გაერთიანებული სამეფო შეეწინააღმდეგება რუსეთის ლიდერის ნებისმიერ მცდელობას, რომელიც უკრაინას იარაღით ადგას თავზე, რათა შეარყიოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და დააწესოს ახალი „იალტა“. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დაზვერვის სამსახურის ცნობები მიუთითებს დაძაბულ ვითარებაზე უკრაინის საზღვართან და იმაზე, რომ რუსეთი სხვადასხვა ოპერაციას ამზადებს.
„გაერთიანებული სამეფო ცდილობს დასავლეთის გაერთიანებას. რა თქმა უნდა, ეს ეხება უკრაინას და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ვშიშობ, რომ ეს ასევე ეხება ევროპის უსაფრთხოების მთელ არქიტექტურას“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ „უკრაინის დაშინებით“ და „იარაღით ხელში“ რუსეთი ცდილობს, დასავლეთს თავისი მიდგომები შეაცვლევინოს.
ბორის ჯონსონის თქმით, ახალგაზრდა იყო, როდესაც ბერლინის კედელი ჩამოინგრა და ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან ხალხს შეეძლო თავისუფალი ცხოვრების არჩევა. ჯონსონის თქმით, ეს იყო „ფანტასტიკური რამ“.
„რაც ახლა ხდება არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი ცდილობენ, შეარყიონ ეს უზარმაზარი მიღწევები და შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა, დააწესონ ახალი იალტა, ახალი გავლენის ზონები. მას არ სურს მხოლოდ უკრაინის დაბრუნება რუსეთის გავლენის სფეროში. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები. ეს არის აბსოლუტურად კრიტიკული მომენტი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგეთ ისე, როგორც ახლა ვართ მის გვერდით", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.