ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის. 2 000 ჯარისკაცი პოლონეთსა და გერმანიაში მიმდინარე კვირაში, ხოლო Stryker-ის ქვეითთა ნაწილის დაახლოებით 1 000 ჯარისკაცი რუმინეთში განთავსდება.
პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის მიზანია დააზღვიოს მოკავშირეები უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის მიერ სამხედრო ძალების უჩვეულო დაგროვებით გამოწვეული მზარდი დაძაბულობის დროს.
”ეს ძალები არ აპირებენ ბრძოლას უკრაინაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი ბატონ პუტინს და მსოფლიოს, NATO-ს მიმართ აშშ-ის ერთგულების შესახებ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.
26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები.
მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.