აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო უსაფრთხოებას სწორედ რუსეთი ემუქრება, რომელიც საქართველოში შეიჭრა და მან ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია.
ვიქტორია ნულანდმა,Tass-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ირგვლივ სიტუაციის ესკალაციის გამო ევროპაში ომის დიდი საფრთხე არსებობს.
კერძოდ, ნულანდმა ისაუბრა რუსეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე, თითქოს NATO-ს გაფართოება არღვევს ე.წ. უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს. ნულანდის თქმით, ასეთ საფრთხეს ქმნის სწორედ რუსეთი, რომელიც შეიჭრა საქართველოში, ინარჩუნებს სამხედრო ძალას მოლდოვაში, ამ ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, ასევე, მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში.
ნულანდმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტების სამხედრო დახმარება და გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები უკრაინიდან.
დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის ცნობით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებლი. მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთვის მზადებას უარყოფს.