რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან კრემლში გამართული 6-საათიანი მოლაპარაკებები შეაფასა, როგორც სასარგებლო, არსებითი და საქმიანი და განაცხადა, რომ მაკრონის ზოგიერთი იდეა შეიძლება, გახდეს საფუძველი შემდგომი ერთობლივი ნაბიჯებისთვის.
მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ მაკრონის რამდენიმე იდეა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეალისტურია და რომ ისინი კვლავ ისაუბრებენ მას შემდეგ, რაც მაკრონი გაემგზავრება კიევში უკრაინის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დედაქალაქში მისი მოგზაურობის შემდეგ კვლავ დავურეკავთ ერთმანეთს და გავცვლით მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პუტინმა.
ამავე პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან ეს საერთო საფრთხეს წარმოადგენს“.
„ჩვენ არ მივდივართ NATO-სკენ, NATO მოდის ჩვენი საზღვრებისკენ. ამიტომაც იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულია, საღ ლოგიკას მოკლებულია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
„გესმით თუ არა, რომ თუ უკრაინა NATO-ში იქნება და სამხედრო გზით ყირიმის დაბრუნებას შეეცდება, ევროპული ქვეყნები ავტომატურად იქნებიან ჩართულნი რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში? მე არ მსურს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც რუსეთსა და NATO-ს შორის კონფლიქტს გამოიწვევს“, - განაცხადა პუტინმა.