ალექსეი რეზნიკოვი: უკრაინის საზღვართან განლაგებულ რუსულ ჯარებს შორის, სრულმასშტაბური შეტევისთვის საჭირო დამრტყმელი ჯგუფები არ შეინიშნება

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსული ჯარების დაჯგუფებებს შორის სრულმასშტაბური შეტევისთვის საჭირო დამრტყმელი ჯგუფები არ შეინიშნება.

„თავდასხმის განსახორციელებლად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ე.წ. დამრტყმელი დაჯგუფება უნდა შექმნან. სამხედრო თვალსაზრისით, დამრტყმელ დაჯგუფებას რამდენიმე ნიშანი აქვს. ასე რომ, დღეის მდგომარეობით, უკრაინაზე თავდასხმისთვის დამრტყმელი დაჯგუფებები შექმნილი არ არის“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს ზრდის და, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 21 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამ ოპერაციას დაიწყებს.