საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვლის, რომ მინსკის შეთანხმებების განხორციელება ერთადერთი გზაა აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად და მოუწოდებს ყველა მხარეს, გადავიდნენ მისი სრულად განხორციელების გზაზე. ამის შესახებ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„26 იანვარს, პოლიტიკურ მრჩეველთა შეხვედრაზე, უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად არის, წინ წავიდეს ამ შეთანხმებების მეშვეობით და ჩვენ განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები. გუშინ განვიხილეთ ეს საკითხები პრეზიდენტ პუტინთან და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა, გააგრძელოს მინსკის შეთანხმებების შესრულება. დღეს თქვენგან მოვისმინე, რომ მზად ხართ, შეასრულოთ ეს შეთანხმებები. მეჩვენება, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ეხმარება დღეს გრძელვადიანი მშვიდობისკენ წისვლას“, - განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, 2015 წელს მინსკის ხელშეკრულებების ხელმოწერამ შეაჩერა სისხლისღვრა და ამ თვალსაზრისით, ის შეიძლება, ჩაითვალოს ეფექტურ მექანიზმად.
„ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა მათი სრულად განხორციელების მიზნით. აუცილებელია, რომ ყველა მხარემ შეასრულოს ვალდებულებები და საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, მხარი დაუჭირონ ამ ძალისხმევას“, - თქვა მაკრონმა.
„ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ ჩვენი პოზიციების დაახლოებაზე. რა თქმა უნდა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ გვჭირდება გარკვეული პოზიციების განხილვა და გარკვეული განმარტებების გაკეთება, ჯერ ერთი ესკალაციის დონის შესამცირებლად და მეორე - ძალიან მკაფიოდ ვუთხარით როგორც პრეზიდენტ პუტინს, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის - დავრწმუნდეთ, რომ მინსკის შეთანხმებების საფუძველზე და ყველა პროცედურების დაცვით [...] სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში ამ საკითხების განხილვის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ დოკუმენტების განხორციელებას, რომლებიც 2015 წელს გაფორმდა“, - აღნიშნა მაკრონმა.