იტალიის მთავრობა უკრაინაში სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაზე მუშაობს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ სამხედრო ესკალაცია კიდევ უფრო გაამწვავებს ისედაც მძიმე შედეგებს ჰუმანიტარული, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ NATO უკრაინასა და საქართველოს კარს ვერ დაუხურავს.
„NATO-ს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია, უარი თქვას ღია კარის პრინციპსა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ვალდებულებებზე, რომლებიც საქართველოსა და უკრაინას მომავალში ალიანსში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს „წითელი ხაზია“ მოსკოვისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, შიდა რეფორმების პროცესი, რომელიც უკრაინამ უნდა გაატაროს NATO-ს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ჯერ კიდევ დასრულებული არ არის.
ლუიჯი დი მაიომ ასევე განაცხადა, რომ იტალია თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს მდგრადი, ეტაპობრივი და პროპორციული ზომების პაკეტზე, რათა მოსკოვს აჩვენოს შედეგები, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმას მოჰყვება.