ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ამერიკელებს მოუწოდებს, უკრაინა რუსული საფრთხის გამო 48 საათის განმავლობაში დატოვონ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
„ნებისმიერმა ამერიკელმა უკრაინა უნდა დატოვოს რაც შეიძლება მალე და ნებისმიერ შემთხვევაში მომდევნო 24-დან 48 საათამდე", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს, რამაც აშკარად შეიძლება, გამოიწვიოს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი.
„ჩვენ აშკარად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს, ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მოხდება, მაგრამ რისკი ახლა საკმაოდ მაღალია, რაც მოითხოვს წინდახედულებას“, -აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვლადიმერ პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ვამბობთ, რომ საკმარისი დონის შეშფოთება გვაქვს იმის საფუძველზე, თუ რას ვხედავთ ადგილზე და რა მონაცემები მიიღეს ჩვენი დაზვერვის ანალიტიკოსებმა. ჩვენ ამ მკაფიო მესიჯს ვაგზავნით. ეს საგანგებო გზავნილია, რადგან ჩვენ საგანგებო სიტუაციაში ვართ.
მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - დაამატა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.
ამავე თემაზე:
ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს.