თურქეთში ჩატარებული გამოკითხვით, საქართველო მეგობარი ქვეყნების სამეულშია

თურქეთის მიერ მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პოლიტიკის მიუხედავად, თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავარ საფრთხედ სწორედ იმ ქვეყნებს აღიქვამს, რომლებთანაც ანკარა დიალოგის განვითარებას ცდილობს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, საერთაშორისო რესპუბლიკური უნივერსიტეტის მიერ სომხეთში შარშან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თავის მხრივ სომხეთში ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თურქეთს მიიჩნევენ.

სტამბულის კადირ ხასის უნივერსიტეტის მიერ ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61%-მა საფრთხის შემცველ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე სომხეთი დაასახელა. ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. 2020 წელს სომხეთს ყველაზე დიდ საფრთხედ 59%-ი, ხოლო 2019 -ში კი 46 %-ი მიიჩნევდა.

სომხეთის შემდეგ საფრთხედ მიჩნეული ქვეყნების პირველ ხუთეულში შედიან ისრაელი, აშშ-ი, ერაყი და კვიპროსი.

ყველაზე მეგობრულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, შემდეგ მოდიან ჩრდილოეთ კვიპროსი და საქართველო.