ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერის რანგში მოსკოვში პირველი ვიზიტით ჩავიდა. შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მართავს შეხვედრას. გერმანიის კანცლერის ვიზიტი, კიევში მოგზაურობის შემდეგ მიმდინარეობს, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რათა გაეძლიერებინა ბერლინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის ფონზე.
მისი თქმით, უკრაინის საზღვარზე ჯარების დაგროვება განიხილება როგორც საფრთხე. ის ითხოვს დეესკალაციას რეგიონში და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ „არანაირი ომი არ მოჰყვეს“ შექმნილ ვითარებას. შოლცის თქმით, ტერიტორიულ მთლიანობაზე მოლაპარაკება შეუძლებელია, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში არ უნდა შევიდეს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვმართავთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ერთმანეთთან კარგი დისკუსიების გზით”, - განაცხადა შოლცმა პუტინთან შეხვედრისას.
პუტინმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ კავშირებზე და ახსენა უკრაინის გარშემო მიმდინარე „ცხელი დისკუსიები“.
პუტინის თქმით, გერმანია არის „რუსეთის მთავარი პარტნიორი“ და მას სურს ურთიერთობის გაძლიერება.
„სამწუხაროდ, ჩვენ დროის მნიშვნელოვან ნაწილს ევროპისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს დავუთმობთ “, - განაცხადა პუტინმა, რომელიც ასევე მიზნად ისახავს ენერგომომარაგების საკითხის განხილვას.
მოსკოვში გერმანიისა და რუსეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, დღის წესრიგში უკრაინა მთავარი თემაა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოსკოვში შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ.