NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება. დღეს ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ჩეხ კოლეგასთან, იანა ჩერნოჩოვასთან, ხოლო ლიეტუვასთან გაფორმდა მრავალმხრივი შეთანხმება კიბერუსაფრთხოების სფეროში, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში ჩეხ კოლეგას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა მიმოიხილეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა და ხაზი გაესვა წლების განმავლობაში, ჩეხეთის მიერ გაწეულ წვლილს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.
ამასთან, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.