უცხოური მედია: რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებულ შეიარაღებულ ძალებს 7 000 სამხედრო დაამატა

რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებულ შეიარაღებულ ძალებს 7 000 სამხედრო დაამატა. აღნიშნულთან დაკავშირებით CNN-ის ინფორმაციას აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირის განცხადებით, სამხედროების დამატება ცხადყოფს, რომ შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ რუსეთის განცხადება ყალბია, ხოლო ვლადიმერ პუტინის განცხადება დიპლომატიის მიმართ ღიაობის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია.

„ყველა მაჩვენებელი, რაც ახლა გვაქვს, მიუთითებს, რომ ისინი მხოლოდ საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს დიალოგის, ასევე დეესკალაციის შესახებ და ამავდროულად ომისთვის მობილიზებას ახორციელებენ. უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ უფრო მეტ ცრუ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიისგან. არ ვიცით, რა ფორმა ექნება ცრუ საბაბს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო მზად არის,“ – აღნიშნა მაღალჩინოსანმა.