აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მომავალ კვირაში, ევროპაში შეხვედრა შესთავაზა.
აშშ ასევე გამოდის წინადადებით, გაიმართოს NATO-რუსეთის საბჭოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრა, რათა მოგვარდეს დაძაბულობა უკრაინის საზღვრებზე "კონფლიქტის გარეშე".
ამ შეხვედრებმა, ბლინკენის აზრით, შეიძლება, გზა გაუხსნას მთავარი ლიდერების სამიტს, რომლის დროსაც შესაძლებელია, განიხილონ უსაფრთხოების ორმხრივი საკითხები.
„როგორც მთავარ დიპლომატებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ყველა ძალისხმევას მივმართოთ დიპლომატიური წინსვლისთვის და ამ გზას ბოლომდე უნდა მივყვეთ“,- აღნიშნა ბლინკენმა.
ამასთან, აშშ თვლის, რომ მინსკის შეთანხმების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიპლომატიური გზის უზრუნველსაყოფად.