აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენცია გამართა. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაში ალიანსის გენერალური მდივნის გარდა, ასევე მონაწილეობდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ონლაინკონფერენცია უკრაინასა და მის ირგვლივ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას და დიპლომატიის გაგრძელების მცდელობებს მიეძღვნა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია NATO-ში რუსეთთან დიალოგისა და მოკავშირეებისთვის გარანტიების მიწოდების მცდელობების შესახებ. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ, როგორც თავდაცვითი ალიანსი, NATO აკეთებს იმას, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად.
ონლაინკონფერენციის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოსკოვის განცხადებების მიუხედავად, რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინასა და მის ირგვლივ გრძელდება.
მონაწილეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, მოაგვაროს ეს კრიზისი დიპლომატიის და დიალოგის გზით, ამასთან, ხაზი გაუსვეს მათ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.