თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს ჩვენს დიპლომატიურ მცდელობას და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი პარტნიორების პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რაიან ჰარისმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.
„დეკემბრიდან მსოფლიომ იხილა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზება. ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ. იცით, რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის. როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, რუსეთს საქართველოში აქვს ტერიტორიები ოკუპირებული. თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი. ამ კვირის დასაწყისში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი სიტუაციის დეესკალაციასა და სამხედრო ძალების გაყვანას აპირებენ. სამწუხაროდ, რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება მათ სიტყვებს. ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ. ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ - 1801 წელს, 1921 წელს და 2008 წელს. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, მოქმედებები სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებს. სამწუხაროდ, რუსეთის მტკიცების მიუხედავად ახლა მზადყოფნაშია რუსული ძალების 150 ათასი სამხედრო მძიმე შეიარაღებით და დამხმარე ტექნიკით, რომელსაც სწრაფად შეჭრა შეუძლია. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ვუშვებთ, რომ რუსეთი შეეცდება შექმნას საბაბი თავდასხმისთვის. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც იმავეს ხედავენ", - განაცხადა ჰარისმა.