აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, კონგრესში ქართველი ხალხის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერაა, რომელიც ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. ამის შესახებ კელი დეგნანმა ქართულ სატელევიზიო მედიას აშშ-ში განუცხადა, სადაც ელჩი შეხვედრებს მართავს თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში.
„ვფიქრობ, უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც საქართველომ 2008 წელს გამოიარა და რასაც ვითვალისწინებთ, როდესაც სხვადასხვა სახის რეაგირებას ვგეგმავთ ბატონი პუტინის შემდგომი გადაწყვეტილების საპასუხოდ.
მნიშვნელოვანია, გვქონდეს მრავალფეროვანი ვარიანტები, რადგან არ ვიცით, ის რა არჩევანს გააკეთებს. ჩვენ დაბეჯითებით მოვუწოდებთ, დიპლომატია და დეესკალაცია აირჩიოს. ის ზომები, რომლებიც წარმოვადგინეთ, სერიოზული და ღირებულია, თუკი რუსეთი საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ეს არის მოლაპარაკების საფუძველი.
შეკითხვა იმაში მდგომარეობს, ნამდვილად სერიოზულად ეკიდება თუ არა ამჟამად რუსეთი დეესკალაციას. ქართველებმა, ისევე როგორც უკრაინელებმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა აირჩიეს. კონგრესში ქართველი ხალხის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერაა, რომელიც ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.