საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის, დეპუტატთა პალატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების ხელმძღვანელობასთან, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე მიმოიხილეს საქართველო-ჩეხეთს შორის არსებული ორმხრივი, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები.
ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას.
„ჩეხი კოლეგები დაინტერესდნენ ჩვენი ხედვით შავი ზღვის რეგიონში მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ, განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან დონბასში შეჭრის შემდეგ. აგრეთვე, ჩეხეთის მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია რას გეგმავს ევროკავშირი და NATO, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრებზე ჩეხეთის წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურეს საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების უპირობო მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ საქართველო იმსახურებს NATO-ში სწრაფ გაწევრიანებას.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი და ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.